|
3-06-2012, 01:11
დღეს სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება. სულთმოფენობა ოთხ მოძრავ დღესასწაულთა შორისაა და ყოველ წელს აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათალიკოს--პატრიარქი, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიები ყვავილებითა და ფოთლებით იფინება და მომდევნო შაბათამდე ეკლესიაში რჩება, შემდეგ კი მორწმუნეებს ყვავილები შინ მიაქვთ, რადგან ამ ყვავილებს სამკურნალო ძალა აქვს.
სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს, სახლში, სადაც მისი მოწაფეები იყვნენ შეკრებილნი, უფლის მიერ აღთქმული სულიწმინდა ცეცხლის ენებით, ხილულად გადმოვიდა მოციქულებზე. სულიწმინდის გადმოსვლით მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და მის სასწაულებზე ექადაგათ. |
|