|
30-06-2012, 04:58
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ესმა გუმბერიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და პირველი სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო. ესმასთან ერთად ერთიან ეროვნულ გამოცდებს მისი ხუთი თანაკლასელიც აბარებს. ესმასა და მისი თანაკლასელებისთვის საგამოცდო ტესტები ბრაელის შრიფტით მომზადდა.
ესმა გუმბერიძემ საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც მომზადებული ხვდება. იგი კომუნიკაბელური, რეალიზებული და აქტიური ახალგაზრდაა, სკოლაში გატარებულ წლებს ნაყოფიერად მიიჩნევს და თვლის, რომ მიუხედავად მისი პრობლემისა, ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რათა სრულყოფილი საშუალო განათლება მიეღო. ესმას დიდი სამომავლო გეგმები აქვს, მან არჩევანი საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე შეაჩერა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის გამორჩეულ მზრუნველობას იჩენს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. mes.gov.ge |
|