|
28-03-2012, 12:37
მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online-რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საატესტატო გამოცდებს 42 590 მეთორმეტეკლასელი ჩააბარებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 7564 მსურველმა გაიარა.
2012 წელს პირველად, მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს. online რეგისტრაციამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა. განსაკუთრებით კომფორტული იგი აბიტურიენტებისთვის იყო, რადგან მათ არ უწევდათ ცოცხალ რიგში დგომა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენჯერმე შეეძლოთ არჩევანის შეცვლა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2012 წელს სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებმა თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტი აირჩიეს; მეოთხე საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი საგნები აირჩიეს; სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა.
გასული წლის მსგავსად, წელსაც საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში 5,5 იქნება. გამოცდები საგნების მიხედვით საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.
სიახლეა მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე, წელს დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს ჰქონდა. მათ შორის, უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბაროს. ასევე, წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც ეძლევათ. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. mes.gov.ge |
|