|
27-06-2012, 22:24
საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პედაგოგების სასერთიფიკაციო გამოცდები კი 2 ივლისს დაიწყება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.
28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
წელს საგამოცდო ცენტრებში 850-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ეყოლება. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას დაახლოებით 7500 სტუდენტი ჩააბარებს.
"2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს; მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ; დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:
28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა); 2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა); 5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ფრანგული ენა); 5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა); 6 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 6 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები; 11 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია; 12 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია; 17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა; 18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია; 19 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია.
2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
12 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 13 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების განრიგი:
2, 3, 4 და 5 ივლისი (პირველი სესია) - უნარები; 6 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII); 11 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (VII-XII); 12 ივლისი (პირველი სესია) - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის; 13 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI); 18 და 19 ივლისი (პირველი სესია) - უცხოური ენები (ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა); 19 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება, ფიზიკა. |
|