|
1-07-2010, 13:40
ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველ სესიაზე საქართველოს მასშტაბით 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, რამდენიმე დაგვიანების შემთხვევა დაფიქსირდა.
"ის აბიტურიენტები, ვინც გამოცდაზე დაგვიანებით მივიდნენ, კონკურსს გამოეთიშნენ, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, დაგვიანების შემთხვევა წელს ძალიან ცოტაა", - განაცხადა მიმინოშვილმა.
ეროვნული გამოცდების მერე სესია ქართულ ენისა და ლიტერატურაში 14:00 საათზე იწყება.
აღსანიშნავია, რომ წელს გამოცდებში 9 მსჯავრდებულიც მონაწილებს, რომელიც ბადრაგის თანხლებით გამოცდების ჩასაბარებლად მიიყვანეს.
საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი" ბანკის საცავებიდან დღეს, 06:30 საათზე მოხდა. ტესტებს საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანეს.
08:00 საათზე კი საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ხოლო 09:00 საათზე - პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.
საგამოცდო პროცესში ჩართულია 1300 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული, საიდანაც უმაღლეს სასწავლებლებში 30 ათასი ჩაირიცხება. გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ სავალდებულო საგანს _ზოგად უნარებს, ქართული ენას და ლიტერატურას და უცხო ენას _ ემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.
ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.
გამოცდების ჩატარების განრიგი და გამოცდების ხანგრძლივობა:
ქართული ენა და ლიტერატურა - 1-ლი და 2 ივლისი, ხანგრძლივობა 4 საათი, მაქსიმალური ქულა 100;
ზოგადი უნარები – 5 და 6 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;
ზოგადი უნარები (საგრანტო კონკურსი) - 7 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;
ინგლისური ენა - 8 და 9 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;
ფრანგული ენა - 12 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;
რუსული ენა - 12 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;
გერმანული ენა - 12 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;
მათემატიკა - 14 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 55;
ისტორია - 15 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;
ლიტერატურა - 16 ივლისი, ხანგრძლივობა 4 საათი, მაქსიმალური ქულა 80;
ფიზიკა - 20 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 75;
ბიოლოგია - 21 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 75;
გეოგრაფია - 22 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;
ქიმია - 23 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 75.
საერთო სამაგისტრო გამოცდა:
წაკითხულის გააზრება. ანალიტიკური წერა - 7 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთი, მაქსიმალური ქულა: წაკითხულის გააზრება -21, ანალიტიკური წერა - 24;
ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა - 8 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი, მაქსიმალური ქულა: ლოგიკური მსჯელობა - 17, რაოდენობრივი მსჯელობა - 20.
აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.
ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება. ghn.ge |
|