|
6-07-2011, 14:24
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.
სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში გამოცდით დაიწყო. გამოცდების განრიგი ასეთია: 6, 7 და 8 ივლისი - პროფესიული უნარები; 11 ივლისი - გამოცდა დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის; 11 ივლისი - ისტორია; 11 ივლისი - ქიმია; 14 ივლისი - ბიოლოგია; 15 ივლისი - ფიზიკა; 15 ივლისი - სამოქალაქო განათლება; 18 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა; 18 ივლისი - გეოგრაფია; 19 ივლისი - მათემატიკა; 20 და 21 ივლისი - გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები.
პროფესიულ უნარებში გამოცდა ხუთი საათი გრძელდება, საქართველოს მასშტაბით 14 საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი - 09:00 საათზე, მაქსიმალური ქულა 70-ია, აპლიკანტმა 43 და მეტი ქულა უნდა დააგროვოს რათა გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს. გამოცდებში მონაწილეობისათვის 24 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული.
პედაგოგთა სერთიფიცირება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სერთიფიცირებული მასწავლებელი დამატებით 75 ლარს იღებს, მათ 200 ლარამდე ეზრდებათ ხელფასი თუ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ჩააბარებენ, ხოლო სერთიფიცირებული მასწავლებლების პირველი, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%, რომელთაც ჩაბარებული აქვთ კომპიუტერი და ინგლისური ენაც, 1000-ლარიან ფიქსირებულ ხელფასს იღებენ. სერთიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამაში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს. |
|