|
30-06-2011, 00:07
დღეს, 30 ივნისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება პოლიციის მთავარი სამმართველოებიდან 06:50 საათზე მოხდება. ტესტებს საგამოცდო ცენტრებში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანხლებით მიიტანენ.
08:00 საათზე საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში დაიწყება აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ხოლო 09:00 საათზე – პირველი გამოცდის პირველი სესია. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია -14:00 საათზე იწყება, გამოცდა -15:00 საათზე. სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში აღარ დაიშვება.
14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ერთიან ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობის პროცესს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააკვირდება. 18:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოცდების პირველი დღის შედეგებს მედიაცენტრში შეაჯამებენ.
4 და 5 ივლისს გამოცდა ზოგად უნარებში ჩატარდება.
სხვა საგნებში გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
6 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა); 7 ივლისი და 8 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა); 11 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა); 12 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია; 13 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა; 14 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 15 ივლისი (პირველი სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია; 19 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია; 20 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია; 21 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი 29 ივნისს ამოქმედდა. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს. ყველა საგამოცდო ცენტრში სამედიცინო პუნქტი განთავსდება, აქვე სასწრაფო დახმარების მანქანაც იმორიგევებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრში სისტემატიურად გაიმართება ბრიფინგები, სადაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ მიაწვდიან ინფორმაციას მომდევნო დღეს დანიშნული გამოცდის შესახებ.
წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩაატარებს.
გამოცდები ტარდება სიღნაღში, თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხულოში.
საგამოცდო პროცესში ჩართულია 1200 მეთვალყურე და კურატორი, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი სასწრაფო დახმარების მანქანა იმორიგევებს.
2011 წლისათვის რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა 33898-ია. გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან იქნება ცნობილი.
საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრია, ყველა მათგანი მობილიზებულია, რათა საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს.
წელს პირველად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტებით დაფინანსების აქამდე არსებული სისტემა პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების დაფინანსებით იცვლება. ძირითადი ყურადღება მიექცევა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებების დაფინანსებას, დაფინანსების 80% მიმართული იქნება სწორედ ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჰუმანიტარული დარგებზე მხოლოდ 100%-იანი გრანტის მფლობელები დაფინანსდებიან, ხოლო 100%-იანი გრანტის მიღმა დარჩენილ სტუდენტებს სახელმწიფო დააფინანსებს იმ შემთხვევაში თუ მათ მეოთხე საგნად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები აქვთ ჩაბარებული.
სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებასაც იწყებს. 6-21 ივლისს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, ხოლო 14- 15 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდები. |
|