|
25-07-2012, 14:03
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლები პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების მოსანახულებლად სტეფანწმინდაში იმყოფებოდნენ.
სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის III კურსის სტუდენტები, ასისტენტ-პროფესორ სულხან გველესიანთან ერთად, ყაზბეგის რაიონში 11 ივლისს გაემგზავრნენ და უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში საველე გეოლოგიურ პრაქტიკას გადიან. ისინი იმყოფებოდნენ თრუსოსა და ჭიუხების ხეობებში, გაეცნენ გველეთისა და დარიალის გრანიტულ მასივებს.
“მარშრუტების დროს მთაგორიან გზაზე ავტომანქანას, რომლითაც ისინი პრაქტიკის მსვლელობისას სარგებლობდნენ, ჯერ თრუსოს ხეობაში, შემდეგ კი ჭიუხებში, თითო-თითო საბურავი დაუზიანდა, რის გამოც ისინი ავტომანქანით ვეღარ გადაადგილდებოდნენ. სწორედ მათ დასახმარებლად და საბურავის ჩასატანად სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლებმა ერთდღიანი ექსკურსია მოვაწყვეთ. სტუდენტებს დარიალის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის და წმიდა გიორგის სამონასტრო კომპლექსთან შევუერთდით, ხოლო შემდეგ გერგეტის სამების ტაძარი ერთად მოვილოცეთ”, - აცხადებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლები.
ფაკულტეტის თანამშრომლები გვიან ღამით დაბრუნდნენ თბილისში, სულხან გველესიანმა კი სტუდენტ-გეოლოგებთან ერთად მომდევნო დღიდან, ჩვეულ რიტმში განაგრძო საველე პრაქტიკა. |
|