|
19-10-2012, 12:23
15-16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა ევროკომისიის პროექტ Re-creation and building of capacities in Georgian ICT Research Institutes" (GEO-RECAP, FP7 Capacities Work programme 2010; Activity 7.6. Integrating Europe’s neighbors into the ERA; Area INCO.2010-6.1: Eastern Europe and South Caucasus. Grant N° 266155) ეგიდით განსაზღვრული ტრენინგი და დასკვნითი შეხვედრა (Training Event and Final Meeting).
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული პროექტის შემსრულებელმა მხარეებმა: სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისა და სტუ-ის ვლ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა: პროექტის კოორდინატორმა გიორგი გიორგობიანმა, მთავარმა შემსრულებლებმა ვახტანგ კვარაცხელიამ, თამაზ სულაბერიძემ, რევაზ გრიგოლიამ, ზაზა სანიკიძემ, გიორგი მუმლაძემ, სადისკუსიო ნაწილში წარმოდგენილი სამომავლო სამეცნიერო პროექტების ავტორებმა ბარბარა კილოსანიძემ, დავით ჯიშიაშვილმა, გიორგი ღლონტმა. ქართულ მხარეს, როგორც შემსრულებელი, წარმოადგენდა, აგრეთვე, კვლევების, ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი (ICARTI), მისი ხელმძღვანელის გივი ქოჩორაძის სახით. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემსრულებელი გერმანული ორგანიზაციების GIRAF, UDS წარმომადგენლებმა ანდრეა ლოშმა და ანდრეი გირენკომ, ღონისძიებებს ესწრებოდა ფრანგული პარტნიორი-ორგანიზაციის ERCIM -ის წევრი პეტერ კუნცი.
გერმანელმა პროექტ-პარტნიორებმა წარმოადგინეს FP7 ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის 2013 წლის სამუშაო პროგრამა და შესაძლო პერსპექტიული მიმართულებები ქართველი მეცნიერებისთვის; გარდა ამისა, საზოგადოებას გააცნეს ევროკომისიის ჩარჩო-პროგრამა HORIZON 2020, მასთან დაკავშირებული დეტალები და სიახლეები, დაფინანსების სქემები და პროექტის წარდგენის შესაძლო მექანიზმები. ფრანგული პარტნიორი-ორგანიზაციის ERCIM-ის წარმომადგენელმა პეტერ კუნცმა გაგვაცნო მისი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფებთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავების გზები მე-10 და მე-11 კონკურსის (Calls) ფარგლებში.
ყოველი პარტნიორის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას თან ახლდა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთი ორგანიზაციების როლზე პროექტის ამოცანებში, შეაჯამეს შესრულებული სამუშაო და წარმოადგინეს მიღებული შედეგები.
პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აღნიშნული ღონისძიებების გამართვაში გაწეული თანადგომისთვის. |
|