ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტს ძველი სახელწოდება უნდა დაუბრუნდეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტს ძველი სახელწოდება უნდა დაუბრუნდეს სიახლე
23-12-2009, 02:29
სტუ-ის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოსა და სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტს ძველი სახელწოდება _ ჰუმანიტარულ ტექნიკური ფაკულტეტი _ უნდა დაუბრუნდეს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოსა და სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება სრულიად მართებულია. იგი ჩვენთან საუბარში ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში აღნიშნული ფაკულტეტის არსებობის ისტორიას მიმოიხილავს და ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოსა და სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება.
“საქართველოში უმაღლესი ტექნიკური და საინჟინრო განათლების ისტორიაში 1990 წლის 6 იანვარი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს საყოველთაოდ განცხადდა საქართველოში პირველი ტექნიკური უნივერსიტეტის დაბადება. ამ დღეს ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც გაფორმდა ქართული საინჟინრო-ტექნიკური საგანმანათლებლო აზრის დროჟამული სვლის დიდი ისტორიული ეპოქა, ეპოქა ამ აზრის ჩასახვისა და შინაგანი სრულქმნა-მომწიფებისა”, _ აცხადებს თემურ ჯაგოდნიშვილი და დასძენს: “დიდი დრო და ძიებებით აღსავსე გზით სვლა დასჭირდა ქართულ ტექნიკურ უნივერსიტეტს საიმისოდ, რომ 1917 წელს თბილისში დაარსებული რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან ეროვნული შინაარსის მქონე ქართულ ტექნიკურ უნივერსიტეტად ამოზრდილიყო. მისი უშუალო წინაპარი _ საქართველოს პოლიტექნიკური ისტიტუტში _ მართალია, ჭარბადაც კი იყო საუნივერსიტეტო განათლების ელემენტები, მაგრამ ყველაფერი საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების სრულქმნა-გაღრმავების სფეროებს მოიცავდა”.
თემურ ჯაგოდნიშვილს მოჰყავს ციტატები დეკლარაციის ფუნქციისა და დანიშნულების წერილიდან, რომლის ავტორი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ძველი თაობის უთვალსაჩინოესი პროფესორი, “ინსტიტუტის სახე და სინდისი” ელიზბარ ცისკარიშვილია: “საუნივერსიტეტო ტექნიკური განათლება აუცილებლად გულისხმობს ჰუმანიტარული განათლების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანას, მის გაფართოებასა და გაღრმავებას”, რადგანაც “ეროვნული პროფესიონალი ინჟინრის აღზრდა მოითხოვს ეროვნული სულიერი კულტურის ცოდნას, ურომლისოდაც ახალგაზრდა სპეციალისტის თვალთახედვის ჰორიზონტი ფართო ვერ იქნება”.
როგორც ჯაგოდნიშვილი აღნიშნავს, ამ ციტატების ავტორს იმიტომაც იხსენებს, რომ ცისკარიშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული ჰუმანიტარული ცოდნის მნიშვნელობა საინჟინრო განათლების პროგრამულ მთლიანობაში. ძირძველი ქართული მეცნიერების ტრადიციები უკარნახებდა მას, რომ “ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა უნდა შექმნან ხვალინდელი საქართველოს ტექნიკური ინტელიგენცია”. ამ უზენაესი მიზნის მისაღწევად კი უნივერსიტეტს ისეთი ცოდნა უნდა მიეცა, რომ “...ისინი ჯერ ქართული ეროვნული ფენომენის რაობაში გარკვეული მოქალაქენი და მამულიშვილები” იქნებოდნენ და “შემდეგ _ პროფესიონალი ინჟინრები (იხ. კრებული “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”; 1997; 35)”.
ჯაგოდნიშვილის განცხადებით, საინჟინრო განათლების ჰუმანიტარიზება ადამიანური აზროვნების ბუნებითა და დროის მოთხოვნებითაც იყო შეპირობებული. “ცივილიზაციის ისტორია ცხადყოფს, რომ აზროვნების ევოლუცია სულაც არაა სწორხაზობრივი ზეაღმავალი უწყვეტობა. იგი პროცესუალურად სუნთქვას ჩამოჰგავს, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ციკლებით: აზროვნების სინკრეტიზმს მისი დაშლა-დანაწილება ენაცვლება. თუ სიტყვის, ჟესტიკულაცია-მიმიკისა და მელოდიის პირველყოფილი ერთიანობა (სინკრეტიზმი) სიტყვებად, ცეკვად და მელოდიად დაიშალა, ხოლო შემდეგ სიტყვიერად გაცხადებული ლტოლვა _ სიყვარული სიბრძნისა ანუ ფილოსოფია “დაიშალა”. ცალკეულ მეცნიერებებად, შემდგომ და შემდგომ ამგვარმა პროცესმა მხარი არაერთხელ იცვალა. XX და XXI საუკუნეების გზასაყარზე აზროვნებაში ნეოსინკრეტიზმის ხანა დაიწყო, რაც ადამიანური ცოდნის სფეროთა ურთიერთში შეჭრით, ურთიერთგაშინაარსიანებით გაცხადდა. ამის ერთი კონკრეტული გამოვლენაა ტექნიკური ცოდნის ჰუმანიტარულით შევსება-სრულქმნის ის პროცესი, რომელმაც საინჟინრო-ტექნიკური განათლების საუნივერსიტეტო ფორმატი მოითხოვა. ერთ მიზეზად “თანამედროვე კაცობრიობის ჰუმანიტარული ცოდნისკენ საყოველთაო სწრაფვას” ასახელებენ, რაც ფაქტობრივად, ზემოაღნიშნულის ზედაპირული თავჩენის ფიქსირებაა, ხოლო სიღრმისეული გააზრების შედეგად წარმოდგა ახლად დაარსებულ სტუ-ში ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის გახსნა, რომელმაც უკვე სახელდებაში არეკლა ეპოქის სულისკვეთება”, _ აცხადებს იგი.
1992 წლის ნოემბერში ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი ოფიციალურად დაფიქსირდა სტუ-ის ახალ სტრუქტურულ ერთეულად. ფაკულტეტის კონცეფცია, ბუნებრივია, ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც ასაბუთებდა ჰუმანიტარულ-ტექნიკურ მეცნიერებათა არსებობას და მათში ორი დიდი ჯგუფის შემცველობასაც აფიქსირებდა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა “ის ჰუმანიტარული მეცნიერებანი, რომელთა კვლევაძიებითს პრაქტიკაში გადამწყვეტ როლს მათემატიკური თუ ტექნიკური მეცნიერებები ასრულებს”, ხოლო მეორე ჯგუფში აერთიანებდნენ “ტექნიკური ცოდნის ნიადაგზე აღმოცენებულ იმ მეცნიერულ მიმართულებებს, რომელთა სრული მიზნის მიღწევისთვის აუცილებელია ჰუმანიზაცია (მითით. კრებული; 182)”. ისეთ ტრადიციულ სპეციალობათა დარად, როგორიცაა საინჟინრო ფსიქოლოგია, ტექნიკური ესთეტიკა და სხვა შეიქმნა შემდეგი ახალი ჰუმანიტარულ-ტექნიკური სპეციალობები: “ტექნიკური ექსპერტიზა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში”, “სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზა”, საინჟინრო, ანუ “ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკა”, “მთარგმნელ-რეფერენტი” და სხვა.
“თავს ბედნიერად ვრაცხ, რომ განგებამ ამ ფაკულტეტის მესაძირკვლეობა მარგუნა ა. ცინცაძესთან და გ. იაშვილთან ერთად, ვისთანაც გვერდიგვერდ წლების განმავლობაში ვმონაწილეობდი ფაკულტეტის აღმშენებლობაში, როგორც დეკანის მოადგილე ჰუმანიტარული სწავლებისა და სამეცნიერო მუშაობის დარგში და როგორც “ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკის” გამომშვები _ ქართული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის კათედრის გამგე”, _ აცხადებს ჩვენტან საუბარში ჯაგოდნიშვილი და დასძენს, რომ ძალიან მოკლე ხანში მოხერხდა სტუ-ის იმჟამინდელი რექტორის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის საუნივერსიტეტო რეფორმათაგან ამ მნიშვნელოვანი ნოვაციის არა მარტო დამკვიდრება საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ ფაკულტეტის შინაარსის გამოკვეთაც და ავტორიტეტის მოპოვებაც.
“მას შემდეგ არც ისე ცოტა დრო გავიდა, ლამის ორი ათეული წელი შესრულდეს. ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნის მსგავსად, სტუ-საც მოუხდა დიდი ქარტეხილების გადავლება თავზე. ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი ერთგულად ედგა გვერდში ტრადიციულ საინჟინრო ფაკულტეტებს და ცხადყოფდა ჰუმანიტარული ცოდნის საინჟინრო განათლებასთან წილნაყარობის ეფექტურობასაც და კეთილნაყოფიერებასაც.
ჰუმანიტარულ-ტექნიკურმა ფაკულტეტმა სტუ-ის პრესტიჟულ ფაკულტეტთა შორის დაიმკვიდრა ადგილი და ეს, ბუნებრივია, კურსდამთავრებულთა მაღალრეიტინგიანობამ და კონკურენტუნარიანობამ განაპირობა... ამიტომ სრულიად მოულოდნელი იყო ბოლომდე არასაკმაოდ გააზრებული გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტისთვის სახელწოდების შეცვლის თაობაზე. მას თითქოს უფრო შინაარსის შესაფერისი სახელი შეურჩიეს _ “ჰუმანიტარულ-სოციალური”. ეს არ იყო აზრის შეცვლა. ერთი სიტყვის შეცვლა, ფაქტობრივად, არსებობის საფუძველი გამოაცალა ფაკულტეტს, შინაარსი შეუცვალა სპეციალობებს და, რაც მთავარია, იგი სრულიად დააშორა სტუ-ის საგანმანათლებლო კონცეფციას, უცხო სხეულად აქცია და, ერთი მხრივ, მთლიანად ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუქმნა მთავარი გზიდან აცდენის საშიშროება, მეოე მხრივ, ფაკულტეტის სპეციალობებს გამოაცალა რეალური საყრდენი _ თავისთავადობა”, _ აცხადებს იგი და დასძენს, რომ ერთი შეხედვით კოსმეტიკურად გაწმენდილ-შელამაზებული სპეციალობები რეალურად სხვა უმაღლესი სასწავლებლების მსგავსი პროფილის ყოვლად დაუსაბუთებელ ანალოგებად იქცნენ ტექნიკური უნივერსიტეტის წიაღში.
“აგერ უკვე სამი წელია, რაც სტუ-ში ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ფუნქციონირებს და ცხადზე უცხადესი შეიქმნა მისი შეუთავსებლობა საინჟინრო-ტექნიკურ საგანმანათლებლო სივრცესთან. ამიტომ სრულიად დროულად და ლოგიკურად მიმაჩნია ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოსა და სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტისთვის “მოქალაქეობის აღდგენის” თაობაზე. მივესალმები მის დაბრუნებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვიმედოვნებ, რომ ეს ოდენ აზრის შეცვლა არ იქნება”, _ აცხადებს იგი ჩვენთან საუბარში.
 
 

ასევე:

  • ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტები საინჟინრო გრაფიკის კურსს გაივლიან
  • ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი
  • სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა
  • თემაზე _ “პროექტების მენეჯმენტი საქართველოს რეალობაში” _ ონლაინსემინარი ჩატარდა
  • კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge