|
30-03-2012, 12:00
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი სამშობლოს საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე ძველი და, ამავდროულად, ყველაზე თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრია, დაარსების დღიდან - 1917 წლიდან - იგი განათლების, კულტურის დიდი მსახური და პროპაგანდისტი იყო, მუდამ საკუთარი დანიშნულების გაცნობიერებით ამკვიდრებდა ცოდნის, განათლების, მოქალაქეობრიობის იდეალებს და დროის სულისკვეთევის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს უზრდიდა ქვეყანას. დღესაც ძნელად მოიძებნება საქართველოში ოჯახი, ერთ წევრს რომ მაინც არ ჰქონდეს დამთავრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ძველი "გეპეი".
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ცხადია, მხოლოდ თავისი წარსულით არ არის გამორჩეული თანამედროვე ქართულ უნივერსიტეტებს შორის. გამორჩეულობისა და მეწინავეობის საფუძველია სიახლის, ინოვაციის გამუდმებული ძიება, დროის მოთხოვნათა შეგრძნება, გაცნობიერება და პროგნოზირება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებს შორის გამოირჩევა პრინციპულად ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელთაგან არაერთი დისციპლინათაშორისი ხასიათისაა. მაგალითად, კომუნიკატივისტიკისა და სიძველეთა ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ინფორმატიკის, ჟურნალისტიკის, მასკომუნიკაციის, სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზის, კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციულ მიმართულებათა შესატყვისი ცოდნა და სასწავლო კურსები.
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია სასწავლო პროცესის ყველა მდგენელი. სწავლების ინოვაციური შინაარსი სრულ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, წესით, არანაირად არ უნდა გაუჭირდეს ადგილის პოვნა თანამედროვე რთულსა და წინააღმდეგობრივ რეალობაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებს შორის სხვა მხრივაც გამოირჩევა: მისი საგანმანათლებლო კონცეფცია მოიცავს იმგვარი განათლების შეთავაზებას, რომელიც ემყარება უკვე ცოდნის გარკვეული დონის არსებობას, ანუ თანამედროვე სტანდარტების და, რაც მთავარია, მოთხოვნადი განათლების შეთავაზებას მათთვის, ვინც თავის დროზე ისეთი ცოდნა შეიძინა, რომელიც შრომის ბაზარზე აღარ იყიდება, ან აღარ არის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები დროისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიულ გადამზადებასა და სპეციალისტის მაღალ კონკურენტულობას უზრუნველყოფს. ყოველივე ეს კი ცხადყოფს, რომ ვისაც თანამედროვეობის გამოწვევათა ფარდი განათლების შეძენა სურს, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა მომართოს, უნდა მომართოს იმიტომაც, რომ კონკურენტუნარიანი ცოდნის შეძენა აქ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე, მთელი სიცოცხლის განმავლობაშია შესაძლებელი.
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევების ლიდერი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრია; • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროპული ტიპის საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ცოდნით მომსახურებას სთავაზობს; • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციის, ინფორმაციული სისტემების, კომუნიკაციური არხების, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის, ინფორმაციების მართვის ავტომატიზებული სისტემების სწავლების ლიდერია საქართველოში; • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კულტურისა და განათლების აღიარებული ცენტრია, რომელიც დაარსების დღიდან წარმატების ასრულებს სტუდენტების ეროვნულ კულტურულ ცნობიერებასთან იდენტიფიცირების საპატიო მისიას.
აი, რატომ უნდა შეაჩეროს "სწავლის მძებნელმა" არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე და რატომ უნდა ისურვოს მისი სტუდენტობა.
თემურ ჯაგოდნიშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი
|
|