|
28-09-2010, 23:53
28 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამას მემორანდუმის ფარგლებში განახორციელებენ ცენტრის წარმომადგენლები. სასწავლო კურსი გათვალისწინებულია მე-3 და მე-4 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან საარჩევნო ადმინისტრაციაში.
სწავლება სამ უმაღლეს სასწავლებელში (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი და გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დაიწყება მიმდინარე წელს. დანარჩენ სასწავლებლებში და რეგიონებში 2011 წლისთვის. კავკასიის უნივერსიტეტში სწავლება იწარმოებს იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბების პრინციპით, რაც გულისხმობს სწავლებას ონლაინრეჟიმში და სავალდებულო პრაქტიკული კურსის გავლას საარჩევნო ადმინისტრაციაში.
ცესკო და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი მომავალში მსგავსი ტიპის კურსების დანერგვას გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით. |
|