|
15-09-2010, 13:00
დღეს, 15 სექტემბერს, მსოფლიო დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, მომავალ დღეებში საქართველოში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.
15 სექტემბერს, 13:00 საათზე, რუსთავის მე-20 მიკრორაიონში, 25-ე საჯარო სკოლაში, მოხდება სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის წარდგენა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პრაქტიკული და თეორიული სავარჯიშო დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს მოამზადონ და ჩაატარონ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. პროგრამას აფინანსებს საქართველოს მთავრობა და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
სასწავლო კურსის წარდგენას დაესწრებიან ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე; ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; ჯული გიორგაძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი; ირინა ქურდაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ნათია ჯოხაძე, ეროვნული სასწავლო პროგრამებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი; ნათია ზაალიშვილი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი.
17 სექტემბერს, 14:30 საათზე, ამერიკული აკადემიაში (ჭავჭავაძის გამზირი 37ა, თბილისი) მოხდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის, ჯეიმი მაკგოლდრიკის შეხვედრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებთან. 17:00 საათზე, თავისუფალ უნივერსიტეტში (ბედიას ქ. თბილისი) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
10-17 სექტემბერს გაიმართება ინტერაქტიული ინტერნეტ დისკუსია და კონკურსი: რა არის დემოკრატია? 22 სექტემბერს გაეროს სახლში შედგება კონკურსში გამარჯვებულებთან შეხვედრა და დაჯილდოება. |
|