|
3-04-2012, 16:30
თითქმის საუკუნე გავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის სახელთანაა დაკავშირებული განვლილი წლების განმავლობაში ქვეყნის აღმშენებლობა და თუ დაკვირვებით გადავხედავთ, ამ წლების განმავლობაში არცთუ ცოტა გაკეთებულა: მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც უმაღლესი რანგის სპეციალისტებს ჩანაფიქრის გენიალურობით აკვირვებდა. ეს ჰესი დღესაც მიიჩნევა იმ ქმნილებად, რომელიც მსოფლიო ინჟინრული აზრის მონაპოვარია. კიდევ უამრავის ჩამოთვლა შეიძლება. ერთ-ერთი უმთავრესი გარემოება ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში ისიცაა, რომ საქართველოში იშვიათად მოიპოვება ოჯახი, რომელიც არ არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული. დღეს ახალი თაობის "გეპეელები" აგრძელებენ ტრადიციას. მათ გაჰყავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზები, აშენებენ ხიდებს, რკინიგზებს, ახალ დასახლებებსა და ქალაქებს, განსაცვიფრებელ ტურისტულ კომპლექსებს, ახალ ჰიდროელექტროსადგურებსა და მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, ნავთობისა და გაზის მილსადენებს, სამედიცინო ცენტრებს, სრულიად ახალ სკოლებს და სხვ. ვინ წარმოიდგენდა, თუ ასე მოკლე ვადაში და ასეთი აჩქარებული ტემპებით აიგებოდა ისეთი დიდი უნიკალური ობიექტები, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეცვალეს და გააკეთილშობილეს ქვეყნის ინფრასტრუქტურა, მოხსნეს უამრავი სოციალური პრობლემა, დასაქმდა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ასეულობით ჩვენი კურსდამთავრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღზრდილი სპეციალისტები ქვეყნის აღმშენებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან და, რაც მთავარია, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა აქვთ.
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც 1996 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია და განაგრძობს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო კავშირს, თავისი უახლესი სასწავლო-ლაბორატორიული და სამეცნიერო-კვლევითი ბაზით, მშობლიურ ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოებით, თანამედროვე კომპეტენციების მქონე გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლებით, სულ უფრო მეტად უზრუნველყოფს განათლების ხარისხის მაღალ დონეს. შედეგად, ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც საფუძვლიანად ფლობენ თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებს, წარმატების საქმდებიან სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით და მოკლე ხანში გადიან მეტად პერსპექტიულ პოზიციებზე. ერთი სიტყვით, სრულფასოვნად მოქმედებს პრინციპი: იქ, სადაც არის ცოდნა, არის დასაქმებაც.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უძველესი საგანმანათლებლო ტრადიციების გვერდით, საყოველთაოდ ცნობილია მისი მიწევები სპორტსა და ხელოვნებაში. შეუძლებელია ამგვარი კულტურული მემკვიდრეობა არ იძლეოდეს მორალურ სტიმულს შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსის შესაქმნელად.
ის, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიას, მის დღევანდელობას კარგად გაეცნობა, დაათვალიერებს სასწავლო კორპუსებსა და სიახლეებს, უეჭველად გააკეთებს მართებულ არჩევანს საინჟინრო-ტექნიკური სპეციალობის დაუფლების სასარგებლოდ. “სტუდენტებისთვის და სტუდენტებისკენ”, - ასეთია ჩვენი სკოლის დევიზი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობით ახალგაზრდას ეძლევა შანსი - შეიძინოს ცოდნასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლება, მიიღოს აქტიური მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და იცხოვროს ერთიან, ძლიერ და მსოფლიოსთვის სამაგალითო საქართველოში. |
|