ბორის იმნაძეს 80 წელი შეუსრულდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბორის იმნაძეს 80 წელი შეუსრულდა სტუ
15-11-2012, 11:57
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორს, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრს, ბორის იმნაძეს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დაბადების 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.

პროფესორ ბორის იმნაძის მეცნიერული, პედაგოგიური მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ - რუსეთში, გერმანიაში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პროფესიული მოღვაწეობის გრძელ გზაზე, სხვადასხვა დროს, გარემოებათა გამო, მას სხვადასხვა ქვეყანაში მოუხდა საქმიანობა, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებითა და შრომითი საქმიანობით განუყრელად არის დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აქ ეზიარა უმაღლესი განათლების ანაბანას, აქ წარიმართა მისი პედაგოგიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ასე რომ, ბ. იმნაძე სულითა და ხორცით, თხემიდან ტერფამდე “გეპეელია”.

პროფესორმა ბ. იმნაძემ საინტერესო და ბობოქარი ცხოვრების გზა განვლო. დაიბადა 1932 წლის 15 ნოემბერს, ქ. თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა - ლეონიდე იმნაძე, ეკონომისტი, დიდ სამამულო ომში დაიღუპა. დედა - ნინო ლორთქიფანიძე თავალსაჩინო საბჭოთა პარტიული და სამეურნეო მუშაკი იყო.

1950 წელს ბ. იმნაძემ დაამთავრა თბილისის მე-10 საშუალო სკოლა, შევიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, ჰიდროტექნიკის სპეციალობით. ერთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშირისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. პედინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთხანს მასწავლებლობდა რუსეთსა და საქართველოში, ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას თბილისის 54-ე სკოლაში. 1958 წელს ჩაირიცხა საქართველოს განათლების სამინისტროს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1960 წელს, ხოლო 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “რუსული მიმღეობის სწავლება საშუალო სკოლაში“.

სადისერტაციო ნაშრომში რუსული ენის მიმღეობა გამოკვლეული იქნა ქართულ მიმღეობასთან შედარებით-შეპირისპირებითი კვლევის ასპექტში, სადაც აქცენტირებული იყო მისი გასაგებობა ქართულენოვანი გარემოსთვის. ეს ნაშრომი მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ უკვე აქ გამოიკვეთა ბ. იმნაძის ძიებათა უმთავრესი მიმართულება - რუსული ენის ბუნებაში ღრმად წვდომა ქართულ ენობრივ სივრცეში მისი გაცნობიერების გზების დადგენისათვის. ეს ხედვა გახდა კულტურული ცნობიერებით ქართველი ბ. იმნაძის მუშაობის რუსისტიკაში საფუძველი.

პროფესორმა ბ. იმნაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა XX საუკუნის 70-იან წლებში სსრ კავშირში გაშლილი მოძრაობის - რუსული ენის ახლებური სწავლების სახელმწიფოებრივი პროგრამის განხორციელებაში, რომლის მიზანიც რუსული ენის მიერ არა მხოლოდ კომუნიკაციური ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა იყო, არამედ მისთვის მეორე ენის სტატუსის მოპოვება-დამკვიდრებაც სსრ კავშირსა და ე. წ. სახალხო დემოკრატიის ქვეყნებში: პოლონეთში, გარმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და იუგოსლავიაში. ეს პროგრამა რუსული ენის მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ფორმატში ხორციელდებოდა. ბ. იმნაძე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1969-1970 წლებში გერმანიის ქ. ნიობრანდერბურგში ხელმძღვანელობდა რუსული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.

1970 წელს ბ. იმნაძე აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსული ენის კათედრის გამგედ და ამ დროიდან მოყოლებული დღემდე უცვლელად ხელმძღვანელობს რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლებას საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში. 1970 წლისათვის რუსული ენის კათედრაზე 200-ზე მეტი პედაგოგი მუშაობდა (100-მდე ე. წ. შტატის მასწავლებელი, 100-ზე მეტი საათობრივ ანაზღაურებაზე მიწვეული პედაგოგი) და მათგან მხოლოდ სამს ჰქონდა მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ბ. იმნაძის ორგანიზატორული ნიჭის წყალობით სულ რაღაც 4-5 წელიწადში კათედრის 12-მა მასწავლებელმა დაიცვა საკანდიდატო, ხოლო ერთმა - სადოქტორო დისერტაცია. კათედრაზე აქტიურად გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთოდური მუშაობაც. მოკლე ხანში შიქმნა რუსული ენის სახელმძღვანელო, რომლის პირველი ნაწილი - ფონეტიკა და მორფოლოგია - პირადად ბ. იმნაძემ დაწერა, ხოლო II ნაწილი თანამშრომლებთან ერთად შეასრულა. მისი უშუალო თანამონაწილეობითა თუ რედაქციით შეიქმნა აგრეთვე არაერთი დამხმარე სახელმძღვანელო.
პროფესორ ბ. იმნაძის განათლებისა და მეცნიერების მართვის უნარის გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ 1996 წლამდე რუსული ენის კათედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უძღვებოდა რუსული ენის სწავლებას ყველა ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსებზე, ხოლო 1996 წლიდან სათავეში ჩაუდგა “ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკისა“ და “მთარგმნელ-რეფერენტის“ სპეციალობათა რუსული სექტორის მუშაობას.

პროფროფესორ ბ. იმნაძის მეცნიერული და პედაგოგიური ავტორიტეტის აღიარების გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ იგი არჩეული იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (МАПРЯЛ) პრეზიდიუმის წევრად. აქტიურად მონაწილეობდა ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული ვარშავის, ბუდაპეშტის, ბერლინის, ვარნის, მოსკოვის საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში. იგი დღესაც აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო ცენტრებთან და უმაღლეს სკოლებთან. მაგალითად, აზერბაიჯანის სლავიანურ და უცხო ენების უნივერსიტეტებთან. ამასთან, არის აზერბაიჯანის ორი მეცნიერული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. აქტიური სარედაქციო მუშაობის მაჩვენებელია ისიც, რომ ბ. იმნაძე არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის “საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მოამბეს“ რედაქტორის მოადგილე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის - “განათლების“ მთავარი რედაქტორი.

პროფესორ ბ. იმნაძის, როგორც განათლებისა და მეცნიერების ორგანიზატორის, აქტიურობისა და ნაყოფიერების მაჩვენებელია ის ფაქტიც, რომ იგი წარმატებით ხელმძღვანელობს მაგისტრებისა და აკადემიური დოქტორების მომზადებას. მისი ხელმძღვანელობით არის დაცული საკანდიდატო, სადოქტორო და სამაგისტრო დისერტაციები.

პროფესორ ბ. იმნაძის კალამს ეკუთვნის 150-მდე ნაშრომი რუსული ენის გრამატიკის, სწავლებისა მეთოდიკის, ჟურნალისტიკის აქტუალურ პრობლემებზე, რომელთაგან 16 სახელმძღვანელოა, ხოლო 3 _ მონოგრაფია.

მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილია ბ. იმნაძის მიერ დამუშავებალი და დამკვიდრებული რუსული ენის სწავლების ინოვაციური მეთოდი - მაკორექტირებელი სწავლების მეთოდი, რომელიც არსებითად ძველი, არაეფექტური მეთოდის - გრამატიკალიზაციის უარყოფას ნიშნავდა. გრამატიკალიზაციის უარყოფა კი იმ დაბრკოლების გადალახვას უწყობს ხელს, რაც ენის დაუფლების პროცესში ხელს უშლიდა გაბმული მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამგვარი სიახლე დროის გამოძახილიც იყო, რადგან XX საუკუნის 70-იან წლებში ყოველმხრივ იგრძნობოდა ფორმალისტური გრამატიკიდან შინაარსეულ გრამატიკაზე გადასვლის აუცილებლობა.

პროფესორმა ბ. იმნაძემ ენის სწავლებაში ყურადღება გაამახვილა სწავლების გარემოსა და მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, უცხო ენის ცოდნის სასტარტო მონაცემებზე და იმ მხარეების აქცენტირების აუცილებლობის საკითხი დააყენა, რაც არცოდნის მიზეზებს შეადგენდა. ასე გამოიკვეთა თანდათანობით ის ელემენტები, რომლებმაც მწყობრი მეთოდოლოგიური კონცეფცია შეადგინა. ახალი მეთოდის კონცეპტუალური ელემენტები ბ. იმნაძემ “სააპრობაციოდ“ არაერთ საერთაშორისო სიმპოზიუმსა თუ კონფერენციაზე წარადგინა.

მაკორექტირებელი სწავლების ლინგვისტიკური, პედაგოგიური, მეთოდოლოგიური საფუძვლები ბ. იმნაძის უშუალო შესრულებითა და თანაავტორობით გამოცემულ არა ერთ სახელმძღვანელოსა თუ დამხმარე სახელმძღვანელოშია წარმოდგენილი. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მის მიერ დაწერილი “რუსული ენა, ნაწილი I, ფონეტიკა. მორფოლოგია“ (1971), მისი რედაქციითა და თანაავტორობით გამოცემული ამ სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი _ “რუსული ენა, ნაწილი მეორე“ (1974). ასევე გამოიცა ისეთი მნიშვნელოვანი დამხმარე სახელმძღვანელოები, როგორიცაა:
• «Учебное пособие по русскому языку для студентов политехнического института» (1974, გ. ვაშალომიძის და ლ. ყაუხჩიშვილის თანაავტორობით);
• «Русский язык. Учебное пособие для технических вузов» (1975, მ. ხორავასთან ერთად);
• «Практический курс корректирующего обучения русскому языку» (1985, მ. ხორავას თანაავტორობით);
• «Курс практической фонетики русского языка (1987, ბ. ბეგიაშვილთან და ე. ქავთარაძესთან ერთად);
• «Язык и специальность. Учебное пособие по русскому языку для технических вузов» (1991, მ. ხორავას თანაავტორობით) და სხვა. ხოლო მაკორექტირებელი სწავლების კონცეფციისა და მეთოდის არსი დასრულებული სახით გადმოცემულია ბ. იმნაძის ფუნდამენტურ ნაშრომში «Основы методики преподавания русского языка в неязычных вузах» (1976).

პროფესორი ბ. იმნაძე უკანასკნელ წლებში ასევე ნაყოფიერად იკვლევს რუსული ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის, ისტორიის საკითხებს და საყურადღებო სტატიებს აქვეყნებს სამეცნიერო პერიოდიკაში.

წლები მხოლოდ სიბრძნედ და გამოცდილებლად აისახა მის მეცნიერულ ნაღვაწში. სხვა მხრივ სრულიად ახალგაზრდაა, ახალი იდეებითა და გატაცებებით აღსავსე ეგებება დროს და ღირსეულად იმშვენებს თავისი ამქვეყნიური ცხოვრების 80 წელს; დღესაც გასაოცრად არის აღვსებული სიცოცხლის წყურვილითა და ხალისით, როგორც სიჭაბუკის ჟამს... ბ. იმნაძე პედაგოგი, მეცნიერი, მოღვაწე, სპორტსმენი, მონადირე და მოგზაური... მას ჯერაც არ უთქვამს თავისი სეფესიტყვა, ჯერაც წინა აქვს მთავარი...

დიდხანს სიცოცხლისა და ამ მთავრის აღსრულების სურვილით ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს - ბორის იმნაძეს სახელოვან იუბილეს - დაბადების 80 და მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წლისთავს და ვუსურვებ დიდ ადამიანურ ბედნიერებას ძვირფას ოჯახთან ერთად, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ეამაყება პიროვნება, მოქალაქე, მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი, ჭეშმარიტი თბილისელი კაცი - 80 წლის ბორის იმნაძე.



პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი
25.10.2012
ქ. თბილისი
 
 

ასევე:

  • ბორის იმნაძეს 80 წელი უსრულდება
  • ღვაწლმოსილი პროფესორები დაჯილდოვდნენ
  • "ერეკლე II-ის საზოგადოებამ" რუსული ენის უფასო კურსები გახსნა
  • აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge