აზერბაიჯანის სლავისტიკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჩინგიზ ბედალოვი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ ჯაგოდნიშვილი, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ბორის იმნაძე და ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მოსამზადებელი ჯგუფების აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლიან.
ჩინგიზ ბედალოვი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულია იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაქოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების სახელმწიფო ინსტიტუტს შორის. ვიზიტის მიზანი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლების ინტერნაციონალიზაციის პროექტის რეალიზებაა. ოფიციალურად მისი ტრეინინგები და შეხვედრები ქართველ კოლეგებთან ჩატარდება მიმდინარე სასწავლო წლის 27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.
28 მარტს შედგება პროფესორ ჩინგის ბედალოვის შეხვედრა იმ ქართველ პროფესორებთან, რომელნიც მეცადინეობებს ატარებენ აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებთან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ქართული ენის მოსამზადებელ ჯგუფებში 155 ახალგაზრდა სწავლობს. კურსის გავლის შემდეგ ისინი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გახდებიან. აღნიშნული პროექტი საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის მიზანია, მოამზადოს არაქართულენოვანი სტუდენტები ენობრივად საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს შესაბამისად, ისე, რომ მათ შეძლონ შესაძლო საბაკალავრო საფეხურის სასურველ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, ლექცია-სემინარების ქართულ ენაზე გაგება და სასწავლო მასალის ათვისება; დაეხმაროს არაქართულენოვან სტუდენტებს, შეძლონ ინტეგრირება უნივერსიტეტის სასწავლო გარემოში, რათა მათ იგრძნონ თავი უნივერსიტეტის სრულფასოვან წევრებად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ ცხოვრებაში.