საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში, ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ განაცხადა, ეს იყო საინფორმაციო სახის შეხვედრა, რომელზედაც სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ქართული ენის მოსამზადებელ ჯგუფებში 155 ახალგაზრდა სწავლობს. კურსის გავლის შემდეგ ისინი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გახდებიან. აღნიშნული პროექტი საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის მიზანია, მოამზადოს არაქართულენოვანი სტუდენტები ენობრივად საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს შესაბამისად, ისე, რომ მათ შეძლონ შესაძლო საბაკალავრო საფეხურის სასურველ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, ლექცია-სემინარების ქართულ ენაზე გაგება და სასწავლო მასალის ათვისება; დაეხმაროს არაქართულენოვან სტუდენტებს, შეძლონ ინტეგრირება უნივერსიტეტის სასწავლო გარემოში, რათა მათ იგრძნონ თავი უნივერსიტეტის სრულფასოვან წევრებად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ ცხოვრებაში.