|
20-03-2013, 16:40
21-23 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს პილოტურ საგანმანათლებლო პროექტს “ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები”.
“ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები” საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვეობის ცნობილი ამერიკელი არქიტექტორების ლექციების, მასტერკლასების, გამოფენების ორგანიზებას საქართველოში - თანამედროვე არქიტექტურაზე, მის მიმდინარეობებზე და აქტუალურ პრობლემებზე ცოდნის ასამაღლებლად. პროექტის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები ფართო საზოგადოებისთვის, პროფესიონალური შეხვედრები, მასტერკლასები და ლექციები არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
პროექტის ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტორი ლენა კილაძე /“სტუდიო-ლ”/, მხარდამჭერი -საქართველოში ამერიკის საელჩო.
პროექტის ფარგლებში, 21-23 მარტს, პირველად საქართველოში, პრიცკერის პრიზის მფლობელი, ამერიკული და მსოფლიო არქიტექტურის დიდოსტატის, რიჩარდ მეიერის ოფისი / Richard Meier & Partners Architect საქართველოში ლექციებსა და მასტერკლასებს ჩაატარებს. 22 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტი მასპინძლობს რიჩარდ მეიერის მთავარი პარტნიორის, არქიტექტორ ბერნარდ კარპფის / Bernard Karpf მასტერკლასს “პროექტი - იდეიდან განხორციელებამდე”. ორგანიზატორები არიან ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი და ფაკულტეტის დეკანატი.
22 მარტს, 18:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში ბერნარდ კარპფი წაიკითხავს ლექციას: ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები - რიჩარდ მეიერის არქიტექტურა. ნაჩვენები იქნება ფილმი “არქიტექტორი რიჩარდ მეიერი” (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი). მონაწილეები: არქიტექტურის, დიზაინის ადა ურბანისტიკის ფაკულტეტი, პროფესორები, არქიტექტორები, სხვადასხვა არქიტექტურული სასწავლებლის სტუდენტები, არქიტექტორთა კავშირი, არქიტექტორთა კლუბი, არქიტექტურული საზოგადოება. რიჩარდ მეიერი ცნობილია თავისი მოდერნისტული, საოცრად დახვეწილი და ნატიფი კონცეფციით არქიტექტურაში, სადაც თეთრი ფერია წამყვანი. იგი არაერთი არქიტექტურული ჯილდოს მფლობელია: რომელთა შორისაა პროცკერის პრიზი (უდიდესი ჯილდო არქიტექტურაში), ამერიკის არქიტექტურის აკადემიის ჯილდოები, ხელოვნებისა და მწერლობის აკადემიის ჯილდო, ასევე, უამრავი სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟული ჯილდო ცალკეული ნაგებობისთვის. ნაშრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გეტის მუზეუმი ლოს-ანჯელესში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბარსელონაში, ბურდას მუზეუმი გერმანიაში და სხვ, მრავალი. მეიერის ოფისი აპროექტებს და აშენებს ამერიკასა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. |
|