|
22-03-2013, 21:29
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტორმა ბერნარდ კარპფმა პროექტის პრეზენტაცია გამართა.
21-23 მარტს საქართველო მასპინძლობს პილოტურ საგანმანათლებლო პროექტს “ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები”. “ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები” საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვეობის ცნობილი ამერიკელი არქიტექტორების ლექციების, მასტერკლასების, გამოფენების ორგანიზებას საქართველოში - თანამედროვე არქიტექტურაზე, მის მიმდინარეობებზე და აქტუალურ პრობლემებზე ცოდნის ასამაღლებლად. პროექტის ფარგლებში იმართება საჯარო ლექციები ფართო საზოგადოებისთვის, პროფესიონალური შეხვედრები, მასტერკლასები და ლექციები არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
პროექტის ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტორი ლენა კილაძე /“სტუდიო-ლ”/, მხარდამჭერი - საქართველოში ამერიკის საელჩო.
პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, პრიცკერის პრიზის მფლობელი, ამერიკული და მსოფლიო არქიტექტურის დიდოსტატის, რიჩარდ მეიერის ოფისმა ლექციები და მასტერკლასები ჩაატარა.
22 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტმა უმასპინძლა რიჩარდ მეიერის მთავარი პარტნიორის, არქიტექტორ ბერნარდ კარპფის მასტერკლასს “პროექტი - იდეიდან განხორციელებამდე”.
მოგვიანებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში ბერნარდ კარპფმა წაიკითხა ლექცია: ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები - რიჩარდ მეიერის არქიტექტურა. ნაჩვენები იყო ფილმი “არქიტექტორი რიჩარდ მეიერი” (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი). მონაწილეები: არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტი, პროფესორები, არქიტექტორები, სხვადასხვა არქიტექტურული სასწავლებლის სტუდენტები, არქიტექტორთა კავშირი, არქიტექტორთა კლუბი, არქიტექტურული საზოგადოება. შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა გოჩა მიქიაშვილმა გახსნა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, არქიტექტორმა ლენა კილაძემ, რის შემდეგაც ბერნარდ კარპფმა პრეზენტაცია გამართა. წარმოდგენილი იყო 15 საინტერესო პროექტი.
რიჩარდ მეიერი ცნობილია თავისი მოდერნისტული, საოცრად დახვეწილი და ნატიფი კონცეფციით არქიტექტურაში, სადაც თეთრი ფერია წამყვანი. “არა ბეტონი, არა რკინა, არამედ თეთრი ფონი, როგორც სინათლე”, - ასეთია მეიერის კონცეფციის მტავარი მოტივი. შუქჩრდილების თამაშით იქმნება დეკორი, რომელიც ინტერიერს მრავალფეროვანს ხდის. მეიერი იგი არაერთი არქიტექტურული ჯილდოს მფლობელია: რომელთა შორისაა პროცკერის პრიზი (უდიდესი ჯილდო არქიტექტურაში), ამერიკის არქიტექტურის აკადემიის ჯილდოები, ხელოვნებისა და მწერლობის აკადემიის ჯილდო, ასევე, უამრავი სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟული ჯილდო ცალკეული ნაგებობისთვის. ნაშრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გეტის მუზეუმი ლოს-ანჯელესში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბარსელონაში, ბურდას მუზეუმი გერმანიაში და სხვ, მრავალი. მეიერის ოფისი აპროექტებს და აშენებს ამერიკასა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. |
|