|
8-05-2013, 16:50
10 მაისს, 19:00 სათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მიერ მომზადებული კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა. კრებულის შემდგენელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი. მიქიაშვილის განცხადებით, წიგნში ასახულია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის თვითმყოფადი და საინტერესო ისტორია. "დაინტერესებულ მკითხვლს კრებულის მეშვეობით შესაძლებლობა ეძლევა, თვალი გაადევნოს არქიტექტურული სწავლების, ახალგაზრდათა დაოსტატების მრავალსახოვან, საინტერესო პროცესს, რომელიც მარტივიდან რთულისკენ, აბსტრაქციიდან რეალობისკენ ვიტარდება და საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვით სრულდება. სტუდენტთა ნამუშევრებს შორის, რომლებიც კრებულშია წარმოდგენილი, ბევრია ისეთი, რომელმაც სტუ-ის არქიტექტურულ სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუტანა", - განაცხადა მან.
კრებულის ბოლოს მოცემულია იმ ადამიანთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც სხვადასხვა დროს განსაკუთრებული, გამორჩეული როლი შეასრულეს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიური პროცესების მართვაში. |
|