საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ერთდროულად რამდენიმე გამოფენა მიმდინარეობს. ბიბლიოთეკაში გახსნილია მე-19 საუკუნის ევროპული არქიტექტურისა და მხატვრობის ამსახველი წიგნების გამოფენა. ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის, ვაჟა პაპასკირის განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები ბიბლიოთეკის რარიტეტული ფონდიდან.
სტუ-ის ბიბლიოთეკაში, პარალელურად, კიდევ რამდენიმე გამოფენა მიმდინარეობს. ესენია: "მე-19 საუკუნეში გამოცემული წიგნები კავკასიის მთიელთა შესახებ", "პოლონური წიგნი", "დედამიწის ისტორია".
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ცალკე ფონდად ჩამოყალიბებდა რარიტეტული განყოფილება, რომელიც უნიკალური გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური მრავალტომეული. წიგნები მე-19 საუკუნეშია გამოცემული. ილია აბრამის ძე ეფრონი იყო რევოლუციამდელი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ტიპოგრაფი და წიგნის გამომცემელი. 1880 წელს ეფრონმა პეტერბურგში ტიპოლითოგრაფია შეიძინა, შემდეგ კი, 1889 წელს, გერმანულ საგამომცემლო ფირმა "ბროკჰაუზთან" ერთად დააარსა სააქციო საზოგადოება "ფ. ა. ბროკჰაუზი - ი. ა. ეფრონი", რომელმაც იმდროის ყველაზე მსხვილი რუსულენოვანი ენციკლოპედიები გამოსცა.
რარიტეტულ განყოფილებაში ექსპონირებულია მე-19 საუკუნის რუსული სარეკლამო წიგნები, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სხვადასხვა წელს გამოცემული ენციკლოპედიური ლექსიკონები (1890-1907 წ.წ. – 41-ტომეული), “მრეწველობა და ტექნიკა” (1904 წ. 10-ტომეული), ლარუსის (Larousse) ლექსიკონი (1890 წ., 15-ტომეული) და სხვა იშვიათი გამოცემები.