სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
4-01-2010, 02:51
4 იანვარს სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა. 1867 წლის 4 იანვარს, ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა.
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XIV-XIX საუკუნეებში. ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთავოს ბაზაზე. სამეგრელოს სამთავროს ძირითად მოსახლეობას მეგრელები შეადგენენ, რის გამოც ამ კუთხეს XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს უწოდებენ.
ოდიშის მთავრების პირველი დინასტია დადიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. XVI საუკუნის 50-იან წლებამდე სამეგრელოს მთავრები სამეფო ხელისუფლების უზენაესობას აღიარებდნენ და ერისთავთერისთავისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობები ეკავათ. XIV საუკუნის I ნახევარში სამეგრელოს გამგებლებმა ცხუმის საერისთავო შეიერთეს და XVI საუკუნამდე სამეგრელოს სამთავროს ეკავა ტერიტორია მდინარეებს _ ცხენისწყალსა და ანაკოფიისწყალს _ შორის. ხშირად ოდიშის მთავრებს ემორჩილებოდა ბალს ქვემო სვანეთიც. XIV-XV საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს მთავრები ერთიანი საქართველოს მეფეებს ემორჩილებოდნენ და ებრძოდნენ იმერეთის ერისთავების მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ. მთავრები დიდი ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს საზღვრების დაცვას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ვამეყ I დადიანის ლაშქრობა ჯიქეთში. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სამეგრელოს სამთავრო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა.
1557 ლევან I დადიანმა იმერეთის სამეფო კარისაგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ამის შემდეგ ოდიშის მთავრები "ხელმწიფე დადიანის" ტიტულს ატარებდნენ. XVI-XVII საუკუნეებში საზღვარმა სამეგრელოს სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი მდინარე კელასურამდე გადმოიწია, აღმოსავლეთი საზღვარი კი უცვლელი დარჩა. XVI საუკუნეში ოდიშის სამთავროს საზღვრებს ოსმალთა იმპერია დაემუქრა. 1578 წელს ოსმალებმა აიღეს ფოთი და შიგ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. სამეგრელოს სამთავრო განსაკუთრებით გაძლიერდა ლევან II დადიანის დროს, რომელიც შეეცადა, განთავისუფლებულიყო ოსმალებზე დამოკიდებულებისგან, მაგრამ 1615 წელს იძულებული გახდა, ეცნო სულთნის უზენაესობა და ხარკიც იკისრა მის სასარგებლოდ (ოდიშ-ოსმალეთის ხელშეკრულება 1615). 1640 ლევან II დადიანმა ოსმალებისგან გაათავისუფლა ფოთი და ფაქტობტივ დამოუკიდებლობას მიაღწია. ლევან II დადიანმა რამდენჯერმე წარმატებით ილაშქრა აფხაზეთში, მაგრამ მაინც იძულებული გახდა აფხაზი ფეოდალების თავდასხმათა აღსაკვეთად აეგო სიმაგრეთა სისტემა (კელასურის კედელი), რომელსაც მორიგეობით იცავდნენ სამეგრელოს სამთავროს ფეოდალები.
ლევან II დადიანის შემდეგ მთავარმა ვამეყ III დადიანმა მცირე ხნით იმერეთის სამეფო ტახტის დაკავება მოახერხა. მისი დაღუპვის შემდეგ სამეგრელოს სამთავრო დასუსტდა. სამეგრელოს სამთავროს კარზე დაწინაურდნენ ლეჩხუმის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები - ჩიქოვანები. XVII საუკუნის მიწურულში გიორგი ჩიქოვანმა განიმტკიცა სამთავრო ტახტი და მთავართა ახალი დიანტიას ჩაიყარა საფუძველი. სამეგრელოს სამთავროს დასუსტებით ისარგებლეს აფხაზმა ფეოდალებმა, რომელმაც XVII საუკუნის 90-იან წლებში ხელთ იგდეს სამეგრელოს სამთავროს ტერიტორია მდინარე ენგურამდე. გიორგი IV დადიანმა რამდენჯერმე წარმატებით ილაშქრა მათ წინააღმდეგ, მაგრამ დაკარგული ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა. საზღვარი ოდიშის სამთავროსა და აფხაზეთის სამთავროს შორის გავიდა მდ. ღალიძგაზე.
სამურზაყანო, რომელსაც შარვაშიძეთა ერთი შტო მართავდა, ძირითადად სამეგრელოს მთავრებს ემორჩილებოდა. XVIII საუკუნეში სამეგრელოს სამთავროს საზღვრებში შევიდა და ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. XVII საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოში თანდათანობით დამძიმდა ოსმალეთის უღელი, რასაც 1703 ქართველთა აჯანყება მოჰყვა. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს სამთავრომ. საპასუხოდ ოსმალთა ლაშქარი დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. თურქებმა დაიკავეს ფოთის, ანაკლიის და რუხის ციხეები. მალე სტამბოლში არეულობა დაიწყო და ოსმალეთის მთავრობამ დასავლეთ საქართველოდან ლაშქარი გაიყვანა. 1723 წელს ოსმალეთმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ოსმალეთის გარნიზონებმა დაიკავეს ფოთის, ანაკლიისა და რუხის ციხესიმაგრეები. სამეგრელოს სამთავრო ფაქტობრივად მოწყვეტილი აღმოჩნდა ზღვისგან. ოსმალთა ბატონობამ დასავლეთ საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. წინააღმდეგობის ერთ-ერთი მეთაური ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი იყო, რომელიც 1728 წელს თურქებმა ღალატით მოკლეს.
1730 წელს თურქებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის დასამორჩილებლად დიდი ლაშქრობა დაიწყეს ფოთიდან. ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თურქებმა დალაშქრეს სამეგრელოს სამთავრო დაწვეს ილორის ეკლესია და აფხაზეთში გადავიდნენ. მალე აქ ანტიოსმალურმა აჯანყებამ იფეთქა და თურქთა ლაშქრობა ჩაიშალა. თურქებმა ვერ მოახერხეს სამეგრელოს სამთავროს გადაქცევა თავის პროვინციად და აქ ქართული მმართველობის მოსპობა. 1730 ოსმალეთა ლაშქრობაში იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის მონაწილეობამ ძალზე გაამწვავა ურთიერთობა სამეგრელოს სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მხოლოდ ალექსანდრე V-ის მეფობის ბოლო წლებში აღდგა. ოტია დადიანმა თავისი ქალიშვილი მიათხოვა სოლომონ I-ს და იმერეთის სამეფოსთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. 1757 წელს სამეგრელოს სამთავრო მონაწილეობას იღებდა ოსმალთა წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში. 1769-1772 წლებში რუსეთის კორპუსის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის დროს კაცია II დადიანს ორჭოფული პოზიცია ეკავა, თუმცა რუსეთის ლაშქარს დახმარებას უწევდა. ამ წლებში თურქებმა მიატოვეს ანაკლიისა და რუხის ციხეები, რომლებიც ოდიშის მთავართა ხელში გადავიდა. 1779 წელს აფხაზმა ფეოდალებმა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს სამეგრელოს სამთავროს წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა რუხთან. ოდიშის ლაშქარს ეხმარებოდა სოლომონ I. ბრძოლა მოკავშირეების გამარჯვებით დამთავრდა.
XVIII საუკუნის მიწურულს იმერეთის სამეფო შეეცადა შეეერთებინა სამეგრელოს სამთავრო სოლომონ II-მ გრიგოლ დადიანს ჯერ მანუჩარ II დადიანი დაუპირისპირა, ხოლო 1795-იდან სამეგრელოს სამთავროს გაუქმებას შეეცადა. გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას. 1803 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნის ფორმით შედგენილ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მუხლებს. 1804 წლის 4 ივლისს თხოვნა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა და სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლოპბაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით. 1804 წლის ოქტომბერში სამეგრელოს სამთავროში ზღვით რუსეთის ერთი პოლკი შეიყვანეს და სამთავროს რამდენიმე პუნქტში გაანაწილეს. რუსეთის ხელისუფლების დახმარებით უკვე 1804 წელს სამეგრელოს სამთავროს დაუბრუნდა ლეჩხუმის დიდი ნაწილი. 1810 წელს, იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი - ამ პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც იმერეთის მეფეს ჰქონდა დასაკუთრებული. 1813 წელს ლევან დადიანმა სამურზაყანო დაუმორჩილა სამეგრელოს სამთავროს. 1840 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ეს მხარე ჩამოართვა ოდიშის მთავარს და თავის უშუალო განმგებლობაში შეიყვანა. ოდიშის მთავარმა ამის სანაცვლოდ ვერცხლით 25 ათასი მანეთის კომპენსაცია მიიღო. 1853 წელს გარდაიცვალა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი. ნიკოლოზ I-მა 1853 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებულებით უდლისწულის სრულწლოვანებამდე სამთავროს მმართველად დანიშნა დედოფალი ეკატერინე დადიანი. ყირიმის ომის დროს, 1854 წლის ივლისში, თურქებმა დაიკავეს ყულევის ნავსადგური, ხოლო 1855 წლის 25 ოქტომბერში თურქები ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეკატერინე დადიანი ლეჩხუმში გაიხიზნა. პარტიზანული ბრძოლის შედეგად სამთავროს დიდი ნაწილი განთავისუფლდა თურქებისგან, ხოლო 1856 წლის თებერვალში თურქებმა მთლიანად დატოვეს ოდიშის სამთავრო. ყირიმის ომმა (1853-1856) დიდი ზარალი მიაყენა სამეგრელოს სამთავროს ეკონომიკას. გაბატონებული კლასი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას ყმა გლეხების ექსპლოატაციის გაზრდით შეეცადა. ამას კი სამეგრელოს გლეხთა აჯანყება მოჰყვა. სამთავრო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი ძალებით აჯანყების ჩაქრობა და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა დახმარება. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სამთავროს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა და 1857 წლის 8 სექტემბერს დებულების თანახმად, იქ რუსეთის მმართველობა დააწესა. 1867 წლის 4 იანვარს, ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა.
სამეგრელოს სამთავროს პოლიტიკური და სოციალური აღნაგობა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროთა მსგავსი იყო. მთავრის ხელისუფლება კანონით შეუზღუდველი იყო. იგი სამთავროს კარის მოხელეთა საშუალებით განაგებდა. თავდაპირველად სამთავროს უპირველეს მოხელეს ვეზირი წარმოადგენდა, XVII საუკუნის დასაწყისიდან - ლიპარტიანი, ხოლო XVIII საუკუნიდან _ სახლთუხუცესი. აღმასრულებელი ხელისუფლება ბოქაულთუხუცესი ხელთ იყო. სამეგრელოს სამთავროს პირველად ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა სასოფლო თემი, რომელსაც სათავეში "ხელოსნები" ედგნენ. სამეგრელოს სამთავრო დაყოფილი იყო სამოურავოებად. თავდაპირველად სამეგრელოს მთავრის ძირითადი რეზიდენცია ჭაქვინჯა იყო, ხოლო XVI საუკუნიდან _ ზუგდიდი, სადაც იდგა დადიანთა სასახლე, "დიდშენი და პალატებიანი". ამის გარდა მთავარს 12-ზე მეტი სასახლე ჰქონდა. სამეგრელოს სამთავროში ორი ძირითადი კლასი იყო: გლეხები და ფეოდალები. გლეხობის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიას მებეგრე ანუ მოინალე გლეხები წარმოადგენდნენ. მათ საკუთარი კარმიდამო ჰქონდათ და ევალებოდათ ბეგარის გაღება და მუშაობა. გლეხთა ყველაზე უუფლებო კატეგორიას მოჯალაბე ანუ დოლმახორე გლეხობა წარმოადგენდა.
სამეგრელოს სამთავროში ფეოდალური კლასის ქვედა წოდებას აზნაურები ქმნიდნენ. მათი ერთი ნაწილი სამეგრელო მთავრის, მეორე კი მსხვილი ფეოდალებისა და ეკლესიის ვასალები იყვნენ. ფეოდალური კლასის უმაღლეს წოდებას თავადები ქმნიდნენ, რომელთაც საკუთარი სათავადოები ჰქონდათ. XV-XVII საუკუნეებში ოდიშის სამთავროში ჩამოყალიბდა ჭილაძეების, გოშაძეების, ჩიჩუების, ფაღავების, ჯაიანების, ქოჩაკიძეებისა და დგებუაძეების სათავადოები. XVIII საუკუნის დასაწყისში ახალი _ ჩიქოვანთა სათავადო. საქართველოს ერთიანობის ხანაში ოდიშის საერისთავო ეკლესიურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსის ცალკე გამოყოფის შემდეგ _ აფხაზეთის კათალიკოსს. XVII საუკუნის 80-იან წლებამდე სამეგრელოს სამთავროში 6 საეპისკოპოსო კათედრალი იყო: ჭყონდიდის, ცაიშის, წალენჯიხის, ბედიის, მოქვისა და დრანდის. მონასტრები არსებობდა ყველა საეპისკოპოსო კათედრალთან. ამას გარდა, სამეგრელოს სამთავროში იყო ხობის ღვთისმშობლის, ეკის ნათლისმცემლის, ობუჯის წმინდა გიორგის მონასტრები. 2 მონასტერი იყო სოფ. ჭალაში (ახლანდელი ჭლოუ). ლევან II დადიანის დროს ცნობილია ქიაჩის მონასტერი, რომელიც სოფ. ჯგერდის მიდამოებში მდებარეობდა. სამეგრელოს სამთავროში დიდი სახელითნ სარგებლობდა ილორისა და სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიები. XVII საუკუნის I ნახევარში სამეგრელოს სამთავროში დაახლოებით 150 ათასი კაცი ცხოვრობდა. ამავე საუკუნის 70-იან წლებში მოსახლეობა განახევრდა. XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს სამთავროს მოსახლეობა დაახლოებით 75 ათას კაცს შეადგენდა. 1860 წელს _ 127395 კაცს.
ოდიშის სამთავროს წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო. თავდაპირველად კულტურა იყო ღომი, რომელიც XVIII საუკუნის 50 წლებიდან თანდათანობით სიმინდმა შეცვალა. სამეგრელოს სამთავროში მოჰყავდათ ბრინჯი, ფეტვი, მცირე რაოდენობით _ ხორბალი. ტექნიკური მცენარეთაგან _ კანაფი და სელი. განვითარებული იყო მევენახეობა. დიდი რაოდენობით ამზადებდნენ აბრეშუმის პარკს. სოფლის მეურნეობაში დიდი ადგილი ეკავა მებოსტნეობას და მეხილეობას. ფართოდ იყო განვითარებული მეცხოველეობა, შედარებით მცირე რაოდენობით ჰყავდათ ცხვარი. ფართოდ იყო გავრცელებული მეფუტკრეობა, დიდი რაოდენობით ამზადებდნენ თაფლსა და ცვილს. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მონადირეობასა და მეთევზეობას. სამეგრელოს სამთავროს ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებდა საზღვაო ვაჭრობა. XIV-XV საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, ტრაპიზონის იმპერიასთან და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის იტალიის სავაჭრო კოლონიებთან. ამავე საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს უშუალო საზღვაო ურთიერთობა ჰქონდა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან. ოდიშის სამთავროს უმნიშვნელოვანესი ნავსადგურები ფოთი, კემხელი (ახლანდელი ყულევი), სათამაშია (ახლანდელი ტამიში), კელასური და ცხუმი (ახლანდელი სოხუმი). ფოთში იყო იტალიელთა მნიშვნელოვანი დასახლება, ხოლო ცხუმში _ გენუელთა სავაჭრო კოლონია სებასტოპოლსი. ვაჭრობის მიზნით სამეგრელოს მთავრები ზოგჯერ საკუთარ ფულსაც ჭრიდნენ: დღემდე მოაღწია ვამეყ I დადიანის მიერ მოჭრილმა კირმანეულის ტიპის მონეტამ. შავ ზღვაზე ოსმალთა გაბატონების შემდეგ სამეგრელოს სამთავროს საზღვაო ურთიერთობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შეწყდა. XVI-XVII საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს საზღვაო ვაჭრობა დასავლეთ ევროპასთან ოსმალეთის მეშვეობით წარმოებდა. ამ დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს ნავსადგურად იქცა ისგაური, რომელიც მდ. კოდორის აღმოსავლეთით მდებარეობდა. 1728-იდან, როდესაც თურქები გაბატონდნენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, სამეგრელოს სამთავრო საზღვაო ვაჭრობას თურქების მიერ დაკავებული ნავსადგურების მეშვეობით აწარმოებდა. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის მმართველობაში შესვლის შემდეგ მის მთავარ ნავსადგურად რედუტ-კალე (ყულევი) გადაიქცა. ოდიშის სამთავროში ზღვით შემოდიოდა ხელოსნური ნაწარმი, აგრეთვე მარილი. სამთავროდან გაჰქონდათ ძვირფასი ხე-ტყე, ტილო, სელის ნაწარმი, აბრეშუმი, თაფლი, ცვილი, ღვინო, ტყავეული და ბეწვეული.
XV საუკუნიდან სამეგრელოს სამთავროში ფეხი მოიკიდა ტყვეებით ვაჭრობამ, რომელმაც განსაკუთრებით საშიში ხასიათი XVII-XVIII საუკუნეებში მიიღო. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ტყვეებით ვაჭრობა თანდათან აღიკვეთა. ოდიშის სამთავროში შინავაჭრობა ძირითადად ბაზრობებზე მიმდინარეობდა. XVI—XVII საუკუნეებში ბაზრობები იმართებოდა ილორში, წიფურიაში და კოცხელში, ხოლო XIX საუკუნის I ნახევარში _ სენაკში, ჯვარში, ცაგერში, ხობში. ამ დროს მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტები იყო ლაილაში, ბანძა, სუჯუნა. XIV-XVII საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროში განვითარებული იყო ნაოსნობა. ზღვიდან ხომალდები ადიოდნენ მდ. ხობზე ხობის მონასტრამდე, მდ. მოქვზე - სოფ. მერკულამდე. მდინარე რიონი ოდიშის სამთავროს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენებოდა სანაოსნოდ. აგებდნენ ხომალდებს, რომლებიც გამოიყენება სანაოსნოდ როგორც მდინარეებში, ისე ზღვაში.
 
 

ასევე:

  • ეკლესია ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • დადიანების სასახლეში დღემდე უცნობი საგანძური გამოიფინება
  • საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტები საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროში ითანამშრომლებენ
  • ეკლესია ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • საბა კლდიაშვილის ფონდმა რამდენიმე სამეცნიერო ღონისძიება მოაწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge