|
10-10-2013, 16:58
12-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება "შემოდგომის ლექციები თბილისში", რომლის თემატიკა ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის სფეროებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევიან იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროფესორები: დეტლევ გოტა, ფარიდა გრინბერგი, მარკუს ბუშერი და ანდრო კაჭარავა.
15 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, საკონფერენციო დარბაზში, პროექტი საზეიმოდ გაიხსნება და ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს.
ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ასევე, ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცემს ტექნიკურ აღჭურვილობასა და ლაბორატორიას. |
|