|
15-10-2013, 17:09
დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში, საერთაშორისო სტუდენტურ საკალათბურთო ლიგის გახსნითი შეხვედრა ჩატარდება. ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) გუნდები დაუპირისპირდებიან (სტუ: ლევან გრძელიძე, ნოდარ გოგოძე, ბექა ღუდუშაური, ზვიად ანთაძე, რეზო დიდია, რიჩარდ მათიაშვილი, ავთო ლომინაშვილი, გიორგი ცირეკიძე, საბა ლობჟანიძე, თემურ ფხაკაძე, ირაკლი ალხანაიძე, დავით დეკანოიძე. МГУ: ფიოდორ მარკინი, ალექსეი დოროდნოვი, იგორ არემენკო, რაფაელ ხაჩოიანი, პაველ ნოვიკოვი, სტეფან გორბანი, რომან სტრეკინი, არტიომ ვასილენკო, ალექსეი დემენტიევი, დავიდ არუთინიანი, დენის ვოლკოვსკი, პაველ კურიშკინი, დიმიტრი დობრინინი, ივან მასლენიკოვი, ალექსანდრ ლუნევი). მატჩს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრება.
მანამდე, 16:00 საათზე, ვეტერან კალათბურთელთა ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, ქართველი ვეტერანი კალათბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპორტსმენთა ნაკრებს შეეჯიბრებიან. თბილისელი გულშემატკივრები სპორტის სასახლის არენაზე იხილავენ ყველასთვის საყვარელ, მსოფლიოში ცნობილ ქართველ და უცხოელ ვეტერან კალათბურთელებს (საქართველო: ნიკოლოზ დერიუგინი, მალხაზ კოხრეიძე, მედეა მხეიძე, დავით ღლონტი, ნოდარ ქორქია, ზურაბ გრძელიძე, დავით თორთლაძე, ვაკო ბეჟანიშვილი, თამაზ ჩიხლაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ლევან ქარაბაკი, ზურაბ სანიკიძე, ლიკა ქაჯაია, რამაზ გოგობერიშვილი, სერგო იშხნელი. სტუმრები: სერგეი ტარაკანოვი, კრისტაპს მიგლინიექსი, ივან ედეშკო, დმიტრი დომანი, ვლადიმირ ჟიგილი, ჰეინო ენდენი, ტიიტ სოკი, სტანისლავ ერიომინი, ვიქტორ კრავჩენკო, ვიტალი ნოსოვი, ალექსანდრ გონჩაროვი, მარუსიჩი, ანდრეი პერეგუდოვი). 17:30 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია სასტუმრო Holiday Inn-ში, 18:30 საათზე კი ჩატარდება გახსნითი შეხვედრა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГУ).
წელს პირველად, საქართველო საერთაშორისო სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში ჩაერთვება. ჩვენს ქვეყანას ამ პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი წარადგენს.
ტურნირი 7 თვეს გაგრძელდება. მის ფარგლებში, საქართველოში 5 შეხვედრაა დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება არის ლიცენზირებული ტურნირი.
რაც შეეხება ქართულ გუნდს, საკალათბურთო კლუბ “სტუ”-ს მწვრთნელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ნიკოლოზ დერიუგინია.
"სიმბოლურია ის, რომ სტუდენტთა საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის მეორე ჩემპიონატი დაიწყება თბილისში, იქ, სადაც საკალათბურთო ტრადიციები ძალიან ძლიერია. ჩვენ გვახსოვს ისეთი სახელები, როგორიცაა ქორქია და დერიუგინი, მათ ნათელი კვალი დატოვეს კალათბურთის სისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სტუდენტთა გუნდის მონაწილეობა ჩემპიონატს სხვაგვარ ელფერსა და ახალ ემოციებს, განცდებს შესძენს, ასევე, ხელს შეუწყობს კალათბურთის სხვადასხვა სკოლის ურთიერთგამდიდრებას", – განაცხადა სტუდენტთა საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის პრეზიდენტმა ანდრეი პერეგუდოვმა.
სტუდენტთა საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის ოფიციალური რეგისტრაცია 2012 წლის 21 სექტემბერს მოხდა. ჩემპიონატის ამ სეზონში მონაწილეობას მიიღებს 22 საუკეთესო საუნივერსიტეტო გუნდი რუსეთიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან. |
|