|
3-04-2015, 12:47
სპორტკომპლექს არენაში თბილისური ტურის ორი მატჩი გაიმართა.მოსკოვის ფიზკულტურის აკადემიის გუნდმა ხარკოვის უნივერსიტეტი 88:51 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა კალინინგრადის იმანუილ კანტის სახელობის უნივერსიტეტი 90:78 დაამარცხა.
მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. კალინინგრადელებლა პირველი მეოთხედი მოიგეს და მთელი მატჩის განმავლობაში თანაბრად ეთამაშებოდნენ ქართულ გუნდს, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი სტუ-ის სპორტსმენების სასარგებლოდ დასრულდა. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი მოგება სჭირდება, რომ ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვოს.
შეგახსენებთ: საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ხელმძღვანელობა საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა, რათა დაესწროს აღნიშნული ლიგის თბილისურ ტურს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იცავს. თბილისში ჩამოსულები არიან ხარკოვის, კალინინგრადისა და მოსკოვის უნივერსიტეტების გუნდები.
30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოში საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფის ერთ-ერთი ტური ტარდება. წინა წლების მსგავსად, აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური საკალათბურთო გუნდი „სტუ“ წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგა ფუნქციონირებს 2012 წლიდან. აღნიშნული ლიგის ეგიდით გამართულ გათამაშებაში 2012 წლიდან დღემდე ჩართულია ევროპის ქვეყნების საუნივერსიტეტო გუნდები. ტურის პერიოდში თბილისში ჩამოვლენ საქართველოს ჯგუფში მოხვედრილი მონაწილე ქვეყნების საუნივერსიტეტო ნაკრები გუნდები და დელეგაციები. |
|