საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგახსნილ კრიმინალისტურ ლაბორატორიაში 27 ნოემბერს მორიგი იმიტირებული “დანაშაული და სასჯელი” ჩატარდა.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ჰქონდათ სცენარი, რომლის მიხედვითაც მოქმედებდნენ. უნივერსიტეტმა გამოუყო სპეციალური აუდიტორია, ლექტორებმა ყველანაირი პირობები შეუქმნეს სტუდენტებს, რათა შესძლებოდათ დანაშაულის გამოძიება.
გამოძიებაში მონაწილეობდნენ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები: პროკურორი, გამომძიებელი და კრიმინალისტთა ჯგუფი.
იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად მოწყობილი სასამართლო დარბაზი დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებითაა აღჭურვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სამართლის დეპარტამენტში, კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია სულ ახლახან გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი და სხვები.
ლაბორატორიის ტენიკური აღჭურვილობა ანალოგიურია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული აღჭურვილობისა.
ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების აუცილებლობა განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: ბოლო წლებში ქვეყანაში გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა ნაკლებად ითვალისწინებდა კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და მეთოდიკის გამოყენებას დანაშაულის გახსნისა და გამოძიების პროცესში. ასეთმა მიდგომამ შეანელა ინტერესი კრიმინალისტიკის მიმართ არა მარტო სამართალდაცვის სისტემაში, არამედ სასწავლო დაწესებულებებშიც და ერთ დროს სტუდენტისთვის მეტად საინტერესო და მიმზიდველმა საგანმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სამართლის დეპარტამენტში შექმნილიყო კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია.
ლაბორატორიამ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრიმინალისტიკის კურსის თეორიული სწავლებით მიღებული ცოდნის გაღრმავება ლაბორატორიული კვლევებითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით; პროფესიული სწავლების საფეხურით ჩარიცხულ სტუდენტთა მომზადება კრიმინალისტიკის სპეციალობით; სხვა სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა, ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. აღნიშნულ ლაბორატორიაში არსებული კრიმინალისტიკური და სხვა სპეციალური აღჭურვილობის, ასევე, ლაბორატორიაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების თეორიული და უდიდესი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია გაიარონ ტრეინინგი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებში დასაქმებულმა გამოძიების დარგის მუშაკებმა, კრიმინალისტიკის განსაკუთრებული როლის შესახებ უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით; ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება კანონით დადგენილი წესით ალტერნატიული კრიმინალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება.
გარდა ამისა, უფასო კონსულტაციების მიზნით, სტუ-ის სამართლის კლინიკაში ფუნქციონირებას დაიწყებს ოფისი ყველა საჭირო აღჭურვილობით. კლინიკა, ძირითადად, მომსახურებას გაუწევს იძულებით გადაადგილებულ პირებს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ამ თვალსაზრისით დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა) და ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამსახურეებს.