ექვთიმე თაყაიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ექვთიმე თაყაიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება კულტურა, სპორტი
20-12-2013, 17:19
23-27 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.

23 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ერთობლივი პროექტის “დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი” პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება (საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. №1); 18:00 საათზე კი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა “დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი” (რუსთაველის გამზ. №3).

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – “ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან (გუდიაშვილის ქ. №1).

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება გამოფენა “დასავლეთევროპული ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან” (რუსთაველის გმზ. №11).

27 დეკემბერს, 17:00 საათზე, გამოფენაზე “ექვთიმე – 150” წარმოდგენილი იქნება ექსპონატები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებიდან. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – “საქართველოს არქეოლოგია ძვ. წ. მე-8 ათასწლეულიდან ახ. წ. მე-4 საუკუნემდე” (რუსთაველის გამზირი №3). გარდა ამისა, გაიმართება ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ: ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ, UNESCO-მ, 2013 წელი დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოაცხადა.

ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. ექვთიმე ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. 1883 წ. გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგში გაემგზავრა უნივერსიტეტში სასწავლებლად. აქ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა. 1887 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსკენ გამოეშურა.

საქართველოში მასწავლებლობა დაიწყო. 1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშია ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1894-1904 წლებში განაგებდა სათავადაზნაურო გიმნაზიას.

ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში".

1907 წ. დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც იყო 1921 წლამდე (ემიგრაციაში წასვლამდე), ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას.

თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ყველა საორგანიზაციო საკითხი, უნივერსიტეტის წესდების შედგენიდან დაწყებული უმნიშვნელო წვრილმანებამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო. 1918 წ. 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ დირექტორის ხარისხი მიანიჭა.

1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის უმალ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში – საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. 1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველო საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში.

1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერი წერდა: „ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას: ვეცდები, აღარც ერთი ჩემი ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა დრომ".

ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში გარდაიცვალა, განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი (ახალი სტილით 16 იანვარი).
 
 

ასევე:

  • დღეს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ხსენების დღე აღინიშნება
  • ეროვნულ არქივში გამოფენა “ექვთიმე თაყაიშვილი" გაიხსნება
  • სტუ-ში ექვთიმე თაყაიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
  • დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 92-ე წლისთავი აღინიშნა
  • ეროვნული მუზეუმის ეზოში Instagram გვერდის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მოეწყობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge