|
8-02-2010, 21:48
დღეს, 8 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 92-ე წლისთავი აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პანთეონში პარაკლისი აღევლინა. ამის შემდეგ თსუ-ის II კორპუსში გაიხსნა გამოფენა: "უნივერსიტეტი გუშინ, დღეს, ხვალ", ასევე გამოიფინა თსუ-ის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული უძველესი ხელნაწერები და რელიკვიები. 14:00 საათზე გაიმართა თსუ-ის პროფესორ-ემერიტუსების დაჯილდოების ცერემონიალი. საზეიმო ღონისძიებებზე მოწვეული იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონშიც პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო. უნივერსიტეტის დაფუძნებაში განსაკუთრებულია ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის როლი. მისი წარდგინებით, უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს გამოჩენილი მეცნიერი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი. გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ აღავლინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ გველესიანი, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და სხვები. |
|