|
24-01-2014, 18:43
გამომცემლობა “მოაზროვნემ” გამოსცა რეზო სტურუას პოეტური კრებული “მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა”. წიგნში 100 ლექსია შესული, რომელიც ავტორმა სულ რაღაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში შექმნა.
რეზო სტურუა არის ცნობილი მეცნიერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი.
როგორც წიგნის რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი წერს, “პოეტი და პოეტური სამყარო ერთ მთლიანობას ქმნის: გასაოცრად რეზონანსულია პოეტის ფიზიკურ-სხეულებრივი ნატურა მისი პოეტური სამყაროს თემებთან და მოტივებთან, მისი ლექსების რიტმში ახმიანებული სამყაროს სუნთქვასთან”.
“რეზო სტურუას პოეტურობის გაცხადება ტრადიციული საზომებით მოგვიანებით შედგა. მისი პოეტური გზნება, როგორც ჩანს, დიდხანს ელოდა თქმის დროს და მაშინ შეახსენა თავი, როდესაც მის არსებაში ვეღარ დაეტია და შინაგან “მესთან” დიალოგი ვეღარ იკმარა. აქ გასათვალისწინებელი და უთუო ანგარიშგასაწევი ისიცაა, რომ რ. სტურუას პოეტური ქრონოტიპი არცთუ დიდ დროჟამულობას მოიცავს. წარმოუდგენლედ მცირეა, სულ რაღაც წელიწად-ნახევარს ითვლის. მისი პოეტური გზნება ჭეშმარიტად ვულკანოიდურია, რადგან 100 ლექსის შექმნა ამ ეფემერულად მცირე დროში ყველაზე თამამი წარმოსახვისთვისაც კი გამაოგნებელია”, – წერს თემურ ჯაგოდნიშვილი და დასძენს: “ამ ლექსების ავტორს უჩვეულო შემოქმედებითი აღმაფრენის ჟამი უდგას: ყოველ ცისმარე დღეს ეს მხატვრული სამყარო გასაოცრად კარგი ლექსებით მდიდრდება... ეს კი იმასაც ცხადყოფს, რომ მკითხველს რეზო სტურუას პოეზიასთან არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის”. |
|