საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში რეზო სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი – “მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა”– გამომცემლობა “მოაზროვნემ” გამოსცა. მასში 100 ლექსია შესული, რომელიც ავტორმა სულ რაღაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში შექმნა.
რეზო სტურუა არის ცნობილი მეცნიერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი.
როგორც წიგნის რედაქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სრულმა პროფესორმა თემურ ჯაგოდნიშვილმა აღნიშნა, “პოეტი და პოეტური სამყარო ერთ მთლიანობას ქმნის: გასაოცრად რეზონანსულია პოეტის ფიზიკურ-სხეულებრივი ნატურა მისი პოეტური სამყაროს თემებთან და მოტივებთან, მისი ლექსების რიტმში ახმიანებული სამყაროს სუნთქვასთან”.
“რეზო სტურუას პოეტურობის გაცხადება ტრადიციული საზომებით მოგვიანებით შედგა. მისი პოეტური გზნება, როგორც ჩანს, დიდხანს ელოდა თქმის დროს და მაშინ შეახსენა თავი, როდესაც მის არსებაში ვეღარ დაეტია და შინაგან “მესთან” დიალოგი ვეღარ იკმარა. აქ გასათვალისწინებელი და უთუო ანგარიშგასაწევი ისიცაა, რომ რ. სტურუას პოეტური ქრონოტიპი არცთუ დიდ დროჟამულობას მოიცავს. წარმოუდგენლედ მცირეა, სულ რაღაც წელიწად-ნახევარს ითვლის. მისი პოეტური გზნება ჭეშმარიტად ვულკანოიდურია, რადგან 100 ლექსის შექმნა ამ ეფემერულად მცირე დროში ყველაზე თამამი წარმოსახვისთვისაც კი გამაოგნებელია”, – აღნიშნა თემურ ჯაგოდნიშვილმა და დასძინა: “ამ ლექსების ავტორს უჩვეულო შემოქმედებითი აღმაფრენის ჟამი უდგას: ყოველ ცისმარე დღეს ეს მხატვრული სამყარო გასაოცრად კარგი ლექსებით მდიდრდება... ეს კი იმასაც ცხადყოფს, რომ მკითხველს რეზო სტურუას პოეზიასთან არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის”.
წიგნის ავტორმა საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მშობლიური უნივერსიტეტის კედლებში, ხალხმრავალ აუდიტორიაში თავის შემოქმედებას წარუდგენდა საზოგადოებას.
რეზო სტურუას შემოქმდებაზე, მის მოღვაწეობაზე ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმ, მისმა კოლეგებმა.