|
14-01-2010, 13:03
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიაში ჩავიდა და კალანდის დღესასწაულის დადგომამდე ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახს ესტუმრა. ტრადიციულმა გურულმა ოჯახმა საპატიო სტუმარს გურული ადესა დააგომოვნებინა და საშობაო ღვეზელი მიართვა, რასაც მუცლის ტკივილის ლოცვაც მოაყოლეს. პრეზიდენტმა გურულებისგან ასევე მოისმინა აგუნას გადაძახილი, რაც ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთის მოხმობას ნიშნავს და საჩუქრად მიიღო ჩიჩილაკი, იგივე გურული ნაძვის ხე, რომელიც ამ მხარეში ბარაქის ხედ ითვლება და რომლის დამზადებაში სააკაშვილმა თავადაც მიიღო მონაწილეობა. სააკაშვილი შეხვდა სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც, რომლებსაც პრეზიდენტი, პირველ ყოვლისა, გზების რეაბილიტაციას დაჰპირდა. სააკაშვილი ასევე დაინტერესდა გურიაში ტრანსპორტირების, სოციალური შეღავათებისა და გაზიფიცირების საკითხებით. "ამ მხარეში გაზიფიცირებას მხოლოდ ის აფერხებს, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირის სახლებში შესაყვანად თანხის გადახდა უჭირს, რომელიც თითოეულ ოჯახზე 300 ლარს შეადგენს. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, საჭიროა მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან, იქნებ განვადება მოხერხდეს’’, - აღნიშნა მან. |
|