მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და 200-მდე სტუდენტი დაესწრო.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობის ამაღლება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს აღწერის პერიოდში ახალგაზრდების შესაძლო დასაქმების საკითხიც.
საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიების მიზანია საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოცილური მონაცემების მიღება. აღწერის ორგანიზატორია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური “საქსტატი“.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ თამარ სანიკიძემ ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.