|
13-01-2015, 16:49
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს რკინიგზის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტიტვინიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სარკინიგზო-ტექნიკური პროფილის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების თაობაზე, მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ახალი პროფესიული სასწავლებელი თბილისში დაარსდება და იქნება ევროპული სტანდარტების, შესაბამისი სასწავლო პროგრამებით, ინფრასტრუქტურითა და სრულიად ახალი მენეჯმენტით. სასწავლებელში ე.წ. დუალური განათლების პროგრამები ამოქმედდება, რომელიც წარმატებით მუშაობს გერმანიაში და ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს ისე, დამსაქმებლის ჩართულობას პროცესში, სტუდენტების საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას და სხვ.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს რკინიგზა პროექტში ჩართული იქნება მთელი თავისი ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიული ბაზით, სადაც სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან. ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზა ასევე წარმოდგენილი იქნება, როგორც კურსდამთავრებულთა დამსაქმებელი. პროფესიულ სასწავლებელში ტექნიკური უნივერსიტეტი თავისი კადრებით სასწავლო პროცესს განახორციელებს, ხოლო განათლების სამინისტრო პროფესიულ სასწავლებელს პროგრამებით უზრუნველყოფს. |
|