სტუ-ში საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება » News.GTU.ge



«    სექტემბერი 2019    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება სტუ
9-07-2014, 17:36
ხვალ, 10 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევიან მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან. კონფერენცია სტუ-ში ორ დღეს გაგრძელდება.

შეგახსენებთ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა”. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს და გერმანიის აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორმა და წამყვა¬ნმა სპეციალისტმა, ასევე პროფესორებმა ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუ¬სელ¬დორფის უნივერსიტეტებიდან. კონფერენციის გახსნაზე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნას, იულიხის ენერგიისა და კლიმატის ცენტრსა და ნეიტრონის ინსტიტუტის კვლევით ცენტრში ქართველ სტუდენტთა სტაჟირებას ითვალისწინებს.

პირველი კონფერენცია ადრონთა ფიზიკას მიეძღვნა და 2004 წელს ჩატარდა. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად, მისი ორგანიზატორები იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და UNESCO-ს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სკოლა იყო. კონფერენცია წარმატებული აღმოჩნდა, გახდა ტრადიციული და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. გამონაკლისი იყო 2008 წელი, როცა კონფერენციის ჩატარებას ხელი აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა შეუშალა.

2010 წელს კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა. პარალელურად, გაჩნდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის იდეა (Georgian-German Science bridge connecting people and knowledge). 2014 წლისთვის კონფერენციის თემატიკა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მნიშვნელოვანი არეალი. წლევანდელ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობას ილიას უნივერსიტეტიც იღებს.

კონფერენციების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. ამავე ფონდის თანადაფინანსებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში. თსუ სტუდენტები საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში ასრულებენ. ახლო მომავლისთვის წარმატებული დოქტორანტებისათვის დაგეგმილია გერმანულ უნივერსიტეტებთან საერთო სადოქტორო პროგრამების შექმნა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მიცემს იქონიონ ორმაგი ხარისხის დიპლომი.

შეგახსენებთ ასევე, რომ საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, პროფესორ სებასტიან შმიდტსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს, მიენიჭათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. ჯილდო გერმანელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა. რექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სებასტიან შმიდტისა და ჰანს შტროერის სამეცნიერო ბიოგრაფიები, მათი მოღვაწეობა და დამსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე. გერმანელ პროფესორებს სტუ-ის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. შმიდტმა და შტროერმა მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარი გადასცეს. გერმანელს სტუმრებს საპატიო ჯილდო მიულოცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა ზვიად კოვზირიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, იულიხის კვლევითი ცენტრის პროფესორმა ანდრო კაჭარავამ.
 
 

ასევე:

  • გერმანელ მეცნიერებს სტუ-ის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ
  • სტუ-სა და იულიხის ცენტრის ინსტიტუტებს შორის მემორანდუმები გაფორმდა
  • გერმანელ მეცნიერებს სტუ-ის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭებათ
  • იულიხის კვლევით ცენტრთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
  • სტუ-ს იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაცია სტუმრობდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge