|
28-09-2014, 02:51
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურს “შემოდგომის ლეგენდა 2014“-ში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
“შემოდგომის ლეგენდის მონაწილეები ლიტერატურული პრემიების ლაურეატები და წიგნის ავტორები არიან, მათი მოთხრობების მიხედვით შეიქმნა რადიოსპექტაკლი და გადაიღეს ფილმი. განსხვავებული გარემო, ახალი სახეები და სახელები – დროა, დატოვო შენი ხელწერა კონკურსის ისტორიაში“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი განცხადებით, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მასშტაბებს ზრდის. ლეგენდა უკვე მეექვსედ ჩატარდება და მასში წელს, თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან.
“თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა... გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს “შემოდგომის ლეგენდა. შენი აღმოჩენის დროა! გეომეტრიული ფიგურები ბუნებას ერწყმის და მთის კალთებზე ახალი ჰორიზონტი იქმნება. წელს ლეგენდას ილიას მთაზე მდებარე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს. ადგილი, რომელიც თანამედროვე დიზაინით და გაშლილი სივრცით გამოირჩევა. გაატარეთ შემოდგომის ორი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მონაწილეობის მსურველებმა 12 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გაგზავნონ პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა (ჟანრი და თემა შეუზღუდავია); შევსებული ანკეტა (ანკეტა განთავსდება უნივერსიტეტების ვებგვერდებზე).
უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია “ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს: I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. |
|