|
1-10-2015, 13:59
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიტერატურულ კონკურს “შემოდგომის ლეგენდა 2014“-ში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
“შემოდგომის ლეგენდის მონაწილეები ლიტერატურული პრემიების ლაურეატები და წიგნის ავტორები არიან, მათი მოთხრობების მიხედვით შეიქმნა რადიოსპექტაკლი და გადაიღეს ფილმი. განსხვავებული გარემო, ახალი სახეები და სახელები – დროა, დატოვო შენი ხელწერა კონკურსის ისტორიაში“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი განცხადებით, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მასშტაბებს ზრდის. ლეგენდა უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან.
“თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა... გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს “შემოდგომის ლეგენდა. შენი აღმოჩენის დროა! გეომეტრიული ფიგურები ბუნებას ერწყმის და მთის კალთებზე ახალი ჰორიზონტი იქმნება. წელს ლეგენდას ილიას მთაზე მდებარე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს. ადგილი, რომელიც თანამედროვე დიზაინით და გაშლილი სივრცით გამოირჩევა. გაატარეთ შემოდგომის ორი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აკრედიტირებული სასწავლებლების სტუდენტებს შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/1OKMYAv
იმპროვიზაციული ტურის პარალელურად ტარდება ონლაინმარათონი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია მისამართზე: http://autumnlegend.geocell.ge/
“დაელოდეთ კონკურსის დღეს, 24 ოქტომბერს და 12 საათის განმავლობაში ონლაინრეჟიმში დაწერეთ თხზულება ჟიურის მიერ მოწოდებულ თემაზე. გამარჯვებულს ავლენს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგელნობა კონკურსის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი”, - აცხადებენ ორგანიზატორები. |
|