|
20-09-2013, 14:20
24 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია “ჯეოსელის” წარმომადგენლები სტუდენტური კონკურსის პირობებსა და საიუბილეო წელთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრებენ.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია. მისი მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. გასული წლების “შემოდგომის ლეგენდის” მონაწილეები ლიტერატურული პრემიების ლაურეატები და წიგნების ავტორები არიან. მათი მოთხრობების მიხედვით შეიქმნა რადიოსპექტაკლი, გადაიღეს ფილმი.
ლიტერატურული კონკურსი სტარტს 16 სექტემბერს აიღებს და ორ ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი შიდა შესარჩევი ტურია. მსურველებმა 6 ოქტომბრის ჩათვლით ელფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge – უნდა გაგზავნონ პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა. ჟანრი და თემა შეუზღუდავია; გარდა ამისა, უნდა გაგზავნონ შევსებული ანკეტა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა (www.tsu.edu.ge) განთავსებული.
საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტი პროექტში მესამე წელია მონაწილეობს. |
|