|
21-01-2010, 00:20
21 იანვარს ეკლესია ქრისტიანობისთვის წამებული არაბის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს. აბო, სავარაუდოდ, 757 წელს დაიბადა. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ქართლს დაჰბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში, მაგრამ აბო მაინც დაბრუნდა თბილისში. სამ წელიწადს მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს. სულ მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა უპასუხა, რომ მზად იყო, ქრისტესთვის მომკვდარიყო. ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 786 წლის 6 იანვარს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. აბო მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ. |
|