|
3-02-2015, 16:04
გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. მეტრომშენის დასახლებასთან მდებარე ხიდი მდგრადობაზე შემოწმდა. #1 გზაგამტარის გამოცდას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაესწრო. მთელი ღამის განმავლობაში ხიდი ნაგებობაზე განთავსებულმა 12-მა სატვირთო მანქანამ სხვადასხვა მანევრირებით გამოსცადა, რომლის პარალელურად ხიდზე მიმდინარე პროცესი სპეციალური ხელსაწყოებით შემოწმდა. გზაგამტარის გამოცდის დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
თბილისის მერის თქმით, კახეთის გზატკეცილზე ხიდების გამოცდა 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის გამოც, გზის ცალკეული მონაკვეთები ღამის განმავლობაში ჩაიკეტება, რათა მანქანების მოძრაობამ ხელი არ შეუშალოს გამოცდას. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში კახეთის გზატკეცილზე კიდევ 4 გზაგამტარი გამოიცდება.
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, სულ დედაქალაქის მასშტაბით, კვლევა 21 ხიდს ჩაუტარდება. გამოცდის შედეგად დაიდება დასკვნა, რომლის საფუძველზე ის ხიდები, რომლებიც ყველაზე რთულ მდგომარეობაში იქნება, დაექვემდებარება აღდგენას", - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს 5 ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, მათ შორის ყველაზე მთავარი ბარათაშვილის ხიდია, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა და წელს სრულად აღდგება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო აღდგენითი სამუსაოები ზაჰესში არსებულ ხიდზე. ხიდებისა და გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის პროექტის ფარგლებში, კვლევა უკვე ჩაუტარდა მეტეხის გვირაბს და 6 ხიდს. კვლევის მიზანია ხიდების მდგომარეობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, მისი შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების და ღირებულების განსაზღვრა. სამუშაოები, რომელსაც სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს, 2015 წლის მაისში დასრულდება. აღნიშნული პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 397 900 ლარია გამოყოფილი. |
|