|
28-01-2010, 23:50
/GHN/ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს განათლების მიღებაში დახმარებას ჰპირდება. განათლების სექტორთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშველოვანი შეთავაზება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა. "მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ქართული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობის ნაწილისათვის", - ეს ერთ-ერთი წინადადებაა, რითაც ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიმართავს. ამასთან, საქართველოს მთავრობაა მზადაა სახელმძღვანელოები აფხაზურ და ოსურ ენებზედაც შექმნას, რომელიც "საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ან ერთობლივად შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით" გამოიცემა. გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლება პირობას დებს, რომ შექმნის ისეთ მექანიზმებს, რომელიც "მათ, ვინც განათლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში იღებს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ მიეცეთ". საქართველოს მთავრობა აფხაზებსა და ოსებს საქართველოს დანარჩენი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომ, საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის საგრანტო და სხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვასაც სთავაზობს. ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის კი "ერთობლივი აკადემიური სასწავლო პროგრამების (მათ შორის, პროფესიული სწავლების პროგრამის) შემუშავებისა და ხელშეწყობის" წინადადებით გამოდის. "ერთობლივი კვლევების წახალისება", - ეს განათლების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შეთავაზებული კიდევ ერთი წინადადებაა. |
|