განათლების საერთაშორისო ცენტრმა 20 მარტს გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სხვადასხვა უნივერსიტეტის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.) წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო პროგრამების განხილვა და პროგრამების სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის სულ მცირე, 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს. საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადებს ცენტრი დღეიდან 15 მაისის ჩათვლით მიიღებს. დაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად, განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge. დაწვრილებითი ინფორმაცის მიღება შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდის, ასევე, ცხელი ხაზისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების მეშვეობით.
განათლების საერთაშორისო ცენტრი საკონკურსო პროგრამების საშუალებით აშშ-ის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს. 2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველი კონკურსი 2014 წლის 3 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 კონკურსანტის სწავლა დაფინანსდა. 2014-15 სასწავლო წლებში კი ცენტრმა საზღვარგარეთ 77 სტუდენტის სწავლა დააფინანსა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე 2 პროგრამა ხორციელდება: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადებას. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.
უახლოს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიქმნა. განათლების საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად სახელმწიფო დაფინანსება დღემდე 87-მა სტუდენტმა მოიპოვა.