მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივა გააცნო. აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნება საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის არაერთ პროექტს განახორციელებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობა ეძებს გზებს, ახალგაზრდებმა შეძლონ კარგი განათლების მიღება: ერთი მხრივ, საქართველოში ამაღლდეს განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მეორე მხრივ კი, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელიც უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ყველა ფინანსური რესურსის, მათ შორის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სახსრების, კონსოლიდაცია მოხდება. საერთაშორისო განათლების ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა – საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს სახელმწიფო დააფინანსებს.
პირველ ყოვლისა, დაფინანასდება ის მიმართულებები, რომელთა დეფიციტიც დღეს ქვეყანაშია. პრემიერის ინიციატივაში ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და სახელმწიფოს საქმიანობაში ჩაერთვებიან. ცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას.