|
2-02-2010, 02:41
6 თებერვალს, 19:00 საათზე, კლუბ “33 ა”-ში ჯგუფი "REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. 2010 წლის 6 თებერვალს მუსიკოსს 65 წელი შეუსრულდებოდა. როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "REGGAEon"-ის წევრმა მიხეილ იაშაღაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ასეთი საღამო წელს პირველად ტარდება, თუმცა ამას მომავალში ტრადიციული სახე მიეცემა. “საღამოზე შესრულდება 22 სიმღერა ჩვენი ჯგუფის რეპერტუარიდან. გარდა ამისა, გაჟღერდება ბობ მარლის 5 სიმღერაც”, _ განაცხადა იაშაღაშვილმა. ბილეთების ფასი 10-იდან 15 ლარამდეა. ჯგუფი "REGGAEon"-ი 2008 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. დაარსებიდან ერთი წლის თავზე "REGGAEon"-მა პირველი ალბომი გამოუშვა. მის შემადგენლობაში შედიან ლაშა ნოზაძე (ვოკალი), გიგა ჯღარკავა (ვოკალი), ლევან რუსია (ბასგიტარა), გიორგი სანდომისაშვილი (აკუსტიკური გიტარა), ლევან კემულარია (საყვირი), სოსო კაპანაძე (კლავიში), სოსო ელიზბარაშვილი (აკორდეონი), ხვიჩა წიქარიშვილი (დრამი) და მიხეილ იაშაღაშვილი (გიტარა). ჯგუფის სტილია რეგეი, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელიც ბობ მარლი იყო. მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი ბობ მარლი (რობერტ ნესტა მარლი) 1945 წლის 6 თებერვალს იამაიკაზე დაიბადა. იგი იყო მუსიკალური მიმდინარეობის _ რეგეის (რეგის) ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ “თჰე ჭაილერს“-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ. ბობ მარლი 1981 წლის 11 მაისს აშშ-ის შტატ ფლორიდაში, მაიამიში გარდაიცვალა. |
|