|
4-02-2010, 13:30
4 თებერვალს, 17:00 საათზე, თიბისი ბანკის ხელშეწყობით განახლებულ სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გამოფენა გაიხსნება. ბრიტანეთის საბჭო წარმოადგენს გრავიურებს თავისი კოლექციიდან. "გამოფენის მიზანია გვიჩვენოს, როგორ იკვლევენ მოქანდაკეები ორ- და სამგანზომილებიან სივრცეებს შორის ურთიერთმიმართებას ერთი მხრივ და გრავირების მეთოდით შემოთავაზებულ შესაძლებლობებს მეორე მხრივ. გრავიურები გამოიყენებოდა არა მხოლოდ მომავალი სკულპტურული ქმნილებების დახვეწის გზების შესასწავლად; ისინი ორიგინალებსაც ასახავენ", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. მათი განცხადებით, ქართველ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, თანამედროვე ბრიტანული ვიზუალური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჰენრი მური, ედუარდო პაოლოცი და უილიამ თერნბული, იხილოს თანამედროვე წაყვანი მხატვრების ქმნილებები. მათ შორისა არიან: დეიმიენ ჰერსტი, ტრეისი ემინი, ანიშ კაპური, ანია გალაციო და მაიკ ნელსონი. ბრიტანეთის საბჭო 60 წელზე მეტია აგროვებს ბრიტანული ხელოვნების, ხალხური შემოქმედების და დიზაინის ნიმუშებს. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული კოლექცია იქცა მე-20 და 21-ე საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კოლექციად 8000-ზე მეტი ექსპონატით, რომელიც მოიცავს ბრიტანული ხელოვნების და დიზაინის ყველა სფეროსა და ასპექტს. ამ კოლექციას არ აქვს მუდმივი შენობა და ამიტომ იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც "მუზეუმი კედლების გარეშე". კოლექციის მიზანია ბრიტანელი მხატვრების, ხალხური შემოქმედების ოსტატების და დიზაინერების მიღწევებისა და შემოქმედებითი იდეების პოპულარიზაცია. სამხატვრო გალერეაში ბრიტანეთის საბჭოს კოლექციის გამოფენა 4-დან 12 თებერვლამდე გასტანს. |
|