|
8-02-2010, 21:46
8 თებერვლიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტები სკოლებსა და რესურსცენტრებში მიიღებენ ცნობარს, რომელშიც გამოქვეყნებულია სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად საჭირო ყველა ინფორმაცია. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები რეგისტრაციას გაივლიან თავიანთ სკოლებში. სკოლადამთავრებულების რეგისტრაცია იწარმოებს: რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში; თბილისში - შემდეგ მისამართებზე: ვაკე-საბურთალო - 165-ე საჯარო სკოლა, ფალიაშვილის ქ. N57; მთაწმინდა-კრწანისი - 193-ე საჯარო სკოლა, ლაღიძის ქ. N7; ისანი-სამგორი - 89-ე საჯარო სკოლა, ქეთევან წამებულის ქ.N40; დიდუბე-ჩუღურეთი - 150-ე საჯარო სკოლა, დგებუაძის ქ. N8; გლდანი-ნაძალადევი - მე-9 საჯარო სკოლა, სააკაძის N29. რეგისტრაციის პროცესი დასრულდება 22 მარტს. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები: აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნით, ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას. 2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე (ზოგადი უნარების გამოცდის წონაა 1,5). აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს თითოეული გამოცდისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს (უცხოური ენებისათვის 20%-ზე მეტს). უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში იქნება 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი მიეცემათ. 2010 წელს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე და ამ გამოცდის საფუძველზე მიღებული სკალირებული ქულით მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
|
|