|
18-05-2010, 01:06
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2011 წლის საატესტატო გამოცდებისთვის ფართომასშტაბიან აპრობაციას იწყებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად 8 გამოცდას ჩააბარებენ. საატესტატო გამოცდების ჩატარება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა.
ცენტრის ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა ტესტების ფორმატისა და ადმინისტრირების მოდელებზე. ტესტური დავალებებისა და ადმინისტრირების სქემის გამოცდის, ასევე მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფართომასშტაბიანი აპრობაციები დაგეგმა.
რეპრეზენტატულობის უზრუნველსაყოფად მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის შედეგად განისაზღვრა საქართველოს 36 რაიონის 62 სკოლა, რომლებშიც 18-იდან 21 მაისის ჩათვლით ჩატარდება აპრობაციები. საცდელ ტესტირებებში მონაწილეობას მიიღებს მე-11 კლასის 1500-მდე მოსწავლე და შესაბამისი საგნების 500-ზე მეტი პედაგოგი. პედაგოგები ასევე შეავსებენ სპეციალურ კითხვარს.
საცდელი ტესტირებების შედეგების ანალიზით დადგინდება კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეული გამოცდისთვის, ასევე ატესტატის გაცემის ოპტიმალური ფორმულა. აპრობაციების შედეგად ასევე გამოიცდება ტესტური დავალებები, განისაზღვრება საატესტატო გამოცდის ფორმატი, ცხადი გახდება, კონკრეტულად რა მიმართულებით საჭიროებენ დახმარებას მოსწავლეები - აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია დამამთავრებელ კლასებში სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის.
2011 წელს საატესტატო გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ghn.ge |
|