|
21-05-2012, 13:22
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს, დილის 9 საათზე, საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ამი შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სკოლები ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას თბილისის №49-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა. რეგიონებში იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა ხლმძღვანელი პირები. ნებისმიერი ხარვეზის დროულად აღმოფხვრის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
ქართულ ენისა და ლიტერატურის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 22 მაისს გამოცდას უცხო ენაში; 23 მაისს - ისტორიაში; 24 მაისს - გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან გაუსვლელად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ. პროცესის გამჭვირვალობისათვის სკოლებში გამოცდების მიმდინარეობას სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო-კამერები იღებს. Facebook-ის გვერდზე მონაცვლეობით საკლასო ოთახებში დამონტაჟებული ვიდეო-კამერების გამოსახულებას online რეჟიმში შემოგთავაზებთ.
საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. CAT-ის სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. ასეთი ტესტირება მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში უკვე მეორე წელია ტარდება. mes.gov.ge |
|