|
31-05-2011, 00:36
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობით დაინტერესდა. ქვეყნის პირველი პირი განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრში მივიდა, საიდანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდების მიმდინარეობის დაკვირვება ხდება და უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახი დაათვალიერა.
მონაცემთა დამუშავების ცენტრი უზრუნველყოფს გამოთვლითი და დამხმარე აპარატურის (სერვერები, ქსელური აპარატურა, შემნახველი მოწყობილობები) შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და მისი ცენტრალიზებული მართვის საშუალებას იძლევა.
სკოლებში IT ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების შერჩევა. სულ შეირჩა 300-მდე სპეციალისტი, რომლებიც გადანაწილდა 1520 საგამოცდო სკოლაში. ყველა შერჩეულმა კანდიდატმა საგამოცდო სკოლებში ლოკალური ქსელისა და საჭირო აპარატურის მონტაჟი უზრუნველყო.
საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, საგნობრივი გამოცდები ყოველდღე ტარდება, გამონაკლისია 26 და 29 მაისი (ამ დღეებში მოსწავლეები ისვენებენ), ხოლო 1-ელ ივნისს გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდება.
"მეთორმეტეკლასელთა გამოცდა უკვე ხუთ საგანში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. 30 მაისს გამოცდა ქიმიაში მიმდინარეობდა. ცენტრალურ სერვერში მიმდინარე გამოცდების შესახებ თავმოყრილი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ გამოცდები წარმატებულად მიმდინარეობს. რაც შეეხება მოსწავლეთა დამოკიდებულებას დავალებებისა და საგამოცდო პროცესის მიმართ, მათ მიერ გაკეთებული შეფასებებით - ტესტური დავალებები საკმაოდ მარტივი და მათთვის ადვილად დასაძლევია", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, უკვე ჩატარებულ ხუთ საგანში მოსწავლეთა 20%-ზე მეტმა საგნის ცოდნის უმაღლესი დონე აჩვენა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ასევე აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართული ენის გამოცდაზე მაღალ შეფასებებს იღებენ. ghn.ge |
|