|
4-06-2011, 23:46
საატესტატო გამოცდების შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინიტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გულუამ და ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტმა სტივენ ბაკერმა საინფორმაციო პორტალის www.onlinenews.ge-ს მიერ ორგანიზებულ საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამეს.
მინისტრის განცხადებით, ჩატარებული გამოცდების შედეგები და მათი ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ - უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები შედგა! რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის შედეგებია, რომელიც მოსწავლეებმა აჩვენეს. მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა, მათგან ხუთმა პროცენტმა კი, საუკეთესო შედეგი აჩვენა.
მინისტრის ბრძანებით, 2011 წლისთვის საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა. თუმცა, მხოლოდ წელს, იმ მოსწავლემ, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მინიმუმ 5.2 ქულა მიიღო, დარჩენილ 5 საგანში კი - 5.5 და მეტი, 2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. არაქართულენოვან სკოლებში კი, ქართულ ენაში გამსვლელ ბარიერად 5,1 ქულა დადგინდა, სხვა საგნებზე საერთო წესი ვრცელდება.
2011 წლისთვის ბარიერთან დაკავშირებით შეღავათები იმის გათვალისწინებით დადგინდა, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, მომავალ წელს სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება, გამსვლელი ბარიერი კი, 5.5 ქულა იქნება, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი 5.3 ქულა იქნება.
საატესტაო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. ასეთი მასშტაბური გამოცდა პირველია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. გამოცდები საქართველოს 1520 სკოლის საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც მოწესრიგებული და მობილიზებული იყო ლოკალური ქსელები და საჭირო აპარატურა. 1520-ივე სკოლაში საგამოცდო პროცესი უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახიდან ვიდეო გამოსახულების საშუალებით კონტროლდებოდა.
გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირების წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ. mes.gov.ge |
|