|
8-03-2010, 01:28
დღეს, 8 მარტს, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ქალთა საერთაშორისო დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო "ტრაიენგლ შირტუეისტის" (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა დაიბადა მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15 000 ქალი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი ქალის, კლარა ცეტკინის ინიციატივით ქალთა საერთაშორისო დღე დაფუძნდა. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1913 წლის 8 მარტს, ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობა მოაწყვეს.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაიმ დაიყოლია ლენინი, რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გამხდარიყო, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღე იყო. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა "საბჭოთა ქალთა კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში საბშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე ჰეროიზმის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისთვის". ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ამ ტარიღმა კვლავ მოიპოვა პოპულარობა. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.
ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად, 8 მარტს, მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაცია "ავრორას" ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.
|
|